“ვწუხვარ, რომ დღეს “იმედი” ისეთი არ არის, როგორსაც ბადრი ისურვებდა“–გია ხუხაშვილი

“ისტორიის პარალელები” – ყოველ შაბათს თითო ისტორია– ამ სათაურით აქვეყნებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ფეისბუქზე სტატუსს, რომელშიც 2007 წლის ნოემბრის მოვლენებს იხსენებს.
“2007 წლის 3 ნოემბრის დილით ბადრის შევხვდი ოქროყანაში, რის შემდეგაც გაფრინდა ისრაელში. მეორე დღეს დამირეკა და დამპატიჟა ეილათში. 7 ნოემბრის დრამატულ მოვლენებს მე, ბადრიმ და ბორის ბერეზოვსკიმ ერთად ვუყურეთ ტელევიზორში. აბსოლუტურად დაზაფრულები იმავე ღამით გადავფრინდით ლონდონში. თბილისში უკვე აღიძრა საქმე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით. ბადრიმ მითხრა, რომ არ ჩამოვსულიყავი თბილისში, რადგან სავარაუდოდ დამაპატიმრებდნენ. მიუხედავად ამისა, მეორე დღეს მაინც ჩამოვედი. მართლაც, 10-ში დილით ძალის გამოყენებით მიმიყვანეს გენ. პროკურატურაში. საღამოს გამომიშვეს და ამის შემდეგ 5 იანვრამდე (საპრეზიდენტო არჩევნები) ვიყავი ფაქტობრივ არაფორმალურ შინაპატიმრობაში სოდის 3 მანქანით ალყაშემორტყმული. ბადრი ამის შემდეგ აღარ მინახავს. ჩემი მორალური ვალი მისი ხსოვნის წინაშე იმით მოვიხადე, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთი პირველი რაც გავაკეთეთ ტვ “იმედი” დავუბრუნეთ ბადრის ოჯახს. ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს “იმედი” ისეთი არ არის, როგორსაც ბადრი ისურვებდა. მე რომ “შავ სიაში” ვყავარ, ეს ხომ საერთოდ ტრაგი-კომედიაა. ყველა დამთხვევა და პარალელი შემთხვევითია…ან არა…“ – წერს გია ხუხაშვილი.