ვვარაუდობთ, რომ ივანიშვილის დისერტაცია პლაგიატს შეიცავს- თავისუფლების ინსტიტუტი

თავისუფლების ინტიტუტის დირექტორის, სალომე ხვადაგიანის განცხადებით, ივანიშვილის დისერტაცია სავარაუდოდ შეიცავს პლაგიატის ნიშნებს, რადგან ის ჰგავს ევგენი ნოვოჟიროვის 2 წლით ადრე დაცულ დისერტაციას, ამიტომ ბიძინა ივანიშვილს სამეცნიერო ხარისხი უნდა ჩამოერთვას.

,,არის ნიშნები, რომლითაც ძალიან ჰგავს როგორც სტრუქტურით, ისე შინაარსობრივად ევგენი ნოვოჟიროვის 2 წლით ადრე დაცულ დისერტაციას. ამ და სხვა მიზეზების გამო ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ბატონმა ივანიშვილმა სამეცნიერო დისერტაცია მოიპოვა საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი მანკიერი გზით. ამიტომ, მივმართავთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, შეისწავლოს ბიძინა ივანიშვილის დისერტაციის შესაბამისობა არსებულ სტანდარტებთან და კვალიფიკაციებთან და დადგენილი წესით და კანონმდებლობით ჩამოართვას მას შეუსაბამო აკადემიური ხარისხი,”- ამბობს სალომე ხვადაგიანი.

მისივე თქმით, ორგანიზაციამ ეს დისერტაცია დარგის ექსპერტთა ჯგუფს გააცნო, რომელთა დასკვნით, დისერტაცია როგორც სტრუქტურულად, ისე შინაარსობრივად მინიმალურ აკადემიურ სტანდარტსაც კი ვერ პასუხობს.

,,დისერტაციას არ აქვს სქოლიო, ციტირების წესი არ არის დაცული, არ არის მითითება სხვა სამეცნიერო წიგენბთან თუ სტატიებთან, არ არის დამოწმება წყაროების,”- აცხადებს თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი.

დისერტაცია ბიძინა ივანიშვილმა ,,შრომისა და სოციალური პრობლემების მოსკოვის ინსტიტუტში” დაიცვა.