ყალბი ახალი ამბებით აღშფოთებული ირმა ინაშვილი პარლამენტს დამცავი კანონის მიღებას სთავაზობს

ირმა ინაშვილი პარლამენტს მიმართავს ინიციატივით ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ კანონის შემუშავება დაიწყოს. ამის მიზეზი დავით თარხან–მოურავთან და სამეფო ოჯახთან დაკავშირებული ისტორია გახდა. პატრიოტთა ალიანსის ერთ–ერთმა ლიდერმა და პარლამენტის ვიცე–სპიკერმა საკუთარი აღშფოთება ფეისბუქ სტატუსში გამოხატა:
“ახალი “სტანდარტია” ქართულ ჟურნალისტიკაში. ჯერ შენს შესახებ ყალბ ინფორმაციას გაავრცელებენ, მერე სააგენტოები ერთმანეთს აბრალებენ,- პირველწყარო მე არ ვყოფილვარ, სხვა სააგენტო იყოო. ბოლოს, ნაძალადევ ბოდიშს საზოგადოებას კი უხდიან, შენ კი, ვისაც ყალბი ინფორმაცია მოგაწერეს, ბოდიშს არავინ გიხდის, მაგრამ საქმე არაა მხოლოდ ბოდიშის მოხდა- არმოხდაში. დასჯადი უნდა გახდეს ყალბი ინფორმაციის გავრცელება. სხვა შემაკავებელ მექანიზმს ვერ ვხედავ. ადამიანს მიაწერო ის, რაც მას არ უთქვამს, ეს ნიშნავს ჩემი სახელით მანიპულირებას. ამ კუთხით სრულიად არაეფექტურია კიბერუსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა. გაუგებარია, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის არსი. ვფიქრობ, სასწრაფოდაა მოსამზადებელი საკანონმდებლო პაკეტი და ამის ორგანიზებას ვთავაზობ “ქართულ ოცნებას”, რადგან ოპოზიციის არც ერთი ინიციატივა პარლამენტში დღეს არ გადის.“ – წერს ირმა ინაშვილი.
ინაშვილის აღშფოთება გაზეთ რეზონანსში გამოქვეყნებულმა სტატიამ გამოიწვია, რომელშიც ეწერა, თითქოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, დავით თარხან–მოურავი ბაგრატიონთა სასამართლო დავასთან დაკავშირებით აცხადებდა:

“მივმართავ არა მხოლოდ “პატრიოტთა ალიანსის” ასიათასობით ამომრჩეველს, ასევე სრულიად საქართველოს:

ნუ უწყობთ ხელს ამ აჟიოტაჟის გაღვივებას, ხოლო გლეხებისთვის განკუთვნილი სანახაობა მეფეთა სეირის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს!
რადგანაც ისეთი საკრალური ინსტიტუტი, როგორიც სამეფო კარია, ქილიკის საგნად აქციეთ, ყველა, ვინც ჩაებმება ამ ფერხულში, მოიკვეთება ამ კარიდან.
ასევე სირცხვილია, რომ მეფის ბედს გლეხი მოსამართლეები წყვეტდნენ.
დაუშვებელია დავის ამ რეჟიმში გადაჭრა, მაშინ, როცა სახელოვანი წინაპარი მეფეები, რომლის ღირსეული მემკვიდრეც უნდა იჯდეს ტახტზე, პრობლემებს თავად-აზნაურთა ლაშქრებით წყვეტდნენ.“
რეზონანსი წერდა, რომ მან ეს ინფორმაცია სააგენტო “მეტრონომისგან“ აიღო. მოგვიანებით გაირკვა, რომ დავით თარხან–მოურავს ეს განცხადება არ გაუკეთებია და ფეისბუქ გვერდი, რომლითაც ეს განცხადება გავრცელდა და რომელიც თითქოს მას ეკუთვნის ყალბია. რეზონანსმა დაწერა, რომ ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდა, თუმცა შესწორების ეს ფორმა ინაშვილსთვის არასაკმარისი აღმოჩნდა.
“რეზონანსს” ვწერ: შეცდომას ისე ასწორებთ, რომ საკუთარ შეცდომას არ აღიარებთ! რას ნიშნავს “ყალბი აღმოჩნდა”?! პირველი წყარო თქვენთვის ვართ ჩვენ, ცოცხალი რესპონდენტები- პოლიტიკოსები და არა რომელიმე სააგენტო. წესით, თქვენ, “რეზონანსმა” მაინც უნდა იცოდეთ, რომ ვიდრე გაავრცელებთ მსგავსი ტიპის “ინფორმაციას”, ის უნდა გადაამოწმოთ ადამიანთან, რესპონდენტთან, რომელსაც კონკრეტულ ციტატას მიაწერთ. ირმა ინაშვილმა დაწერა, რომ ფეიკნიუსიაო. კოლეგებო, მე კი არ უნდა ვწერდე ამას და დაგსდევდეთ გვერდიდან გვერდზე, თქვენ უნდა იცავდეთ ჟურნალუსტიკის მთავარ პრინციპს და ამოწმებდეთ ჩვენთან ე.წ. ინფორმაციას. საოცარი კომენტარი გაქვთ. ბოდიში მოიხადა მეტრონომმაო, მეტრონომმა რომ ბოდიში მოუხადა საზოგადოებას, ეს კარგია, მაგრამ თქვენ რომ ყალბი ინფორმაცია გაავრცელეთ, თქვენ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე არ გრძნობთ?! სკოლა გამახსენდა. იყვნენ ბავშვები, რომლებიც მერხს გააფუჭებდნენ და მერე ამას თანაკლასელს აბრალებდნენ,- იმისი კალამი ავიღე, ჩემი კალმით არ დამიფხაჭნია მერხიო.“ – წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ირმა ინაშვილი.