ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე რვა პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინეს. შედეგად რვა პირი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქ. თბილისში, კახეთის, აჭარის და იმერეთის რეგიონებში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების სახელით დაამზადეს და გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ – ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომლის თანახმად, თითქოსდა განახორციელეს ჯამში 450 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონლის მიწოდება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.”-ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.