ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო და საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაამზადეს და 120 000 ლარის გადახდის პირობით, გაასაღეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომელთა მიხედვით, თითქოსდა ერთ-ერთმა კომპანიამ მეორე მეწარმე სუბიექტს მიაწოდა 298 680 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4- დან 7 წლამდე ვადით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.