დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო.
დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო – ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარი, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი ყოფილიყო გამოყენებული. პროკურატურა კი ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.
დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. მიზეზი მეექვსე სართულის ერთ–ერთ ბინაში გაზის გაჟონვა და დაგროვება გახდა. ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა, რომლებიც მოსახლეობამ აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოიძახა კორპუსში საშიში ვერაფერი აღმოაჩინა.კომპანიის ორ თანამშრომელს ბრალი 19 იანვარს წარუდგინეს.
ადვოკატები მოსამართლის მიერ მიღებულ განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. როგორც ბრალდებულთა ადვოკატმა თამარ ჯაფარიძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დაცვის მხარემ მოსამართლისგან ვერ მოისმინა დასაბუთებული გადაწყვეტილება, თუ რატომ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა.














