ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი ბიზნესდავა, კონკრეტულად ნუცუბიძის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობას და წილების გადანაწილებას უკავშირდება. როგორც ირკვევა, ერთ-ერთ დაზარალებულს, ლევან ძნელაძეს, რომელიც მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და ასევე მის მეუღლეს, მარიკა წერეთელს ნამდვილად ჰქონდათ ბიზნესინტერესი ნუცუბიძეზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტთან დაკავშირებით.
ეს არის კაპანელის ქუჩის 5 ნომერი, სადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსია აშენებული. ამ პროექტში ინვესტორის შესვლასთან დაკავშირებული იყვნენ მარიკა წერეთელი და მისი ოჯახი.
მათ უნდა მიეღოთ გარკვეული სარგებელი, თუმცა ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობდა. არსებობს ინფორმაცია, რომ ოჯახს ეს სარგებელი არ მიუღია და გუშინ ღამით ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევაც ამ ფაქტს უკავშირდება.
როგორც ირკვევა, ცოლ-ქმარი იმყოფებოდა 2 ნომერთან მდებარე კაფეში, სადაც ელოდებოდნენ ნაცნობს, თუმცა ნაცნობის ნაცვლად ის ხუთკაციანი ჯგუფი მივიდა და ამ სისხლიან დაპირისპირებაში ჩაერთო. “შიგნით არ ყოფილა შემოსული. შეიძლება გარეთ ისხდნენ, მე არ დამინახავს სად იყვნენ. კაფეს ტერიტორიის შიგნით არავინ ყოფილა მაგ პირებიდან. ჩვენ უკვე პატრული რომ მოვიდა, მაშინ გავიგეთ რაც მოხდა,” – განაცხადა კაფეს მენეჯერმა.
ლევან ძნელაძის შვილის განმარტებით, მას პირველად ესმის მშენებლობასთან დაკავშირებული თემა. ზუკა ძნელაძის თქმით, ეჭვი არავისზე არ აქვს. “დედაჩემი ელოდებოდა თავის მეგობარს, მაგრამ მივიდნენ სულ სხვები. არც დედას მეგობარს ვიცნობ და არც სხვას. ვერაფერს ვუკავშირებ, არ ვიცი არაფერი ნამდვილად. არანაირი ეჭვი არ მქონია არავისთან საერთოდ,” – აცხადებს ზუკა ძნელაძე.
ძნელაძეების ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ ლევან ძნელაძეს დაპირისპირება არავისთან ჰქონია. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, გივი ცინცაძეს, რომელიც ასევე ამ ინციდენტის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა, ისიც ამ დროისთვის საავადმყოფოში რჩება, მას შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. ცინცაძე ამჟამად სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და არ არის გამორიცხული, რომ ის დააკავონ, რადგანაც კადრებშიც ჩანს, რომ საკმაოდ აქტიურად იღებდა მონაწილეობას ძალადობრივ ინციდენტში.