ყოფილი სამხედრო მფრინავი ქალი თავდაცვის მინისტრს ხვდება

ყოფილი სამხედრო მფრინავი ქალი ეკატერინე ქვლივიძე თავდაცვის მინისტრს ხვდება.

ეკატერინე ქვლივიძე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს, ლევან იზორიასთან შეხვედრაზე მას შემდეგ მიიწვიეს, რაც ის გუშინ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, მინისტრის გამოსვლას პარლამენტში ვერ დაესწრო.

“მისი მხრიდან იყო შემოთავაზება. მე მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში, იმ პერიოდშიც, როდესაც სამსახურიდან იძულებული ვიყავი, რომ წამოვსულიყავი, ვცდილობდი მასთან შეხვედრას, მაგრამ უგულებელყოფილი იყო. გუშინ თავად გამოიჩინა ინიციატივა, ეს მისი მხრიდან ძალიან დასაფასებელი. შევხვდები, გავისაუბრებთ. იმედი მაქვს, რომ მექნება საშუალება, ყველა არსებული პრობლემა განვიხილოთ. შემდგომ უკვე სიტუაციას შევხედავთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ,“ – განაცხადა ეკატერინე ქვლივიძემ.

შეხვედრას ქვლივიძის 2 ადვოკატი ესწრება. იურისტის, დიმიტრი ნოზაძის განმარტებით, საფუძველს მოკლებულია ის სარჩელი, რომელიც იზორიას უწყებამ საქალაქო სასამართლოში წარადგინა.

თავდაცვის სამინისტრო ქვლივიძეს კონტრაქტის პირობების დარღვევას ედავება და სამხედრო მფრინავისგან  28 ათასი ლარით დაჯარიმებას ითხოვს.