“ყოველდღიურად წითელას 15-25 შემთხვევა ფიქსირდება”-ამირან გამყრელიძე

“ყოველდღიურად წითელას 15-25 შემთხვევა ფიქსირდება, თუ აცრილთა რაოდენობა 350 ათასს არ მიაღწევს, ინფექცია უკან არ დაიხევს”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

ოფიციალური მონაცემებით, წელს ამ ეტაპზე წითელას 3 172 შემთხვევა დადასტურდა.

გამყრელიძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში ფიქსირდება, შემდეგ მოდის რეგიონები – იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი,კახეთი.

„იანვრიდან, ამ წლის განმავლობაში გვაქვს წითელას 3 172 შემთხვევა, რაც მეტია, ვიდრე შარშან მთელი წლის განმავლობაში ანუ წითელას ეპიდაფეთქება ჯერ კიდევ გრძელდება და აცრების გარდა ვერაფერი შეაჩერებს. დღევანდელი მდგომარეობით, გეგმური აცრების გარდა, დამატებით ვაქცინაცია დაახლოებით 118 ათასმა ადამიანმა ჩაიტარა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ვიდრე აცრილთა რაოდენობა 350 ათასს არ მიაღწევს, ინფექცია უკან არ დაიხევს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

წითელა გადამდები ინფექციაა და 20-დან 40-წლის ასაკობრივ ჯგუფში ვრცელდება.

„წითელას საწინააღმდეგო იმუნიტეტი ბავშვს დედიდან გადაეცემა. თუ დედა აცრილია ან გადატანილი აქვს წითელა, ბავშვი დაბადებიდან პირველი რვა თვის განმავლობაში დაცულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.