არ უშველის არც ავსტრიაში გაქცევა და არც ნახევრად ლოთური საუბარი,- საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, პოეტ ზვიად რატიანის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს მწვავე კრიტიკით პასუხობს.
„ახლა მოვუსმინე ზვიად რატიანის გამოსვლას – ყოვლად უსირცხვილო, უპასუხისმგებლო, ცილისმწამებლურ გამოსვლას. მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, ვიდრე საქართველოში გინდ პოეტი გერქვას, გინდ ბიზნესმენი, გინდ პოლიტიკოსი, ასეთი ბინძური ცილისწამებები არ დამთავრდება, ჩვენი ქვეყანა ამ ჭაობში იქნება. პოეტი მესმის კაცად, რომელიც სიმართლეს ამბობს და რომელსაც შეუძლია თქვას ის პოზიცია, რაც სინამდვილეში არსებობს. საიდან მოიტანა ეს აბსოლუტური აბსურდი და რაში სჭირდება? გამიმძაფრდა ეჭვი, რომ ეს ძალიან სერიოზული პროვოკაციის ნაწილია და იმ დიდი მანქანის ნაწილი გახდა, სამწუხაროდ. იმ ტყუილების კასკადმა, რომელიც ახლა მოვისმინე, მთლიანად გადახაზა მთელი მისი პოეზია და შემოქმედება. გაოცებული ვარ, წარმოუდგენელი რაღაცაა. რა დონეზე მიიყვანეს ადამიანი. რომელი კალაძე, რომელი ღარიბაშვილი?! კეთილი ინებოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ფრანკფურტში იყო ვახშამზე, ვინც იყო „საბას“ დაჯილდოებაზე, ყველამ ამოიღოს ხმა. ასეთი განცხადებები ადამიანისგან, რომლისთვისაც დახმარების და გვერდით დგომის მეტი არაფერი გაგვიკეთებია… არავის არაფერს ვამადლი. რომელი კომკავშირი, რომელი სალომე ზურაბიშვილის მოწოდება. რეებს ლაპარაკობს? როდის იყო მამუკა ხაზარაძე რაღაც კადრებზე და რაღაც წერილებს ხელს აწერდა. სასწრაფო წესით, კეთილი ინებოს და მოიტანოს ის დოკუმენტაცია, სადაც ჩემი ხელმოწერით რაღაც არსებობს, თუ არადა მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს და არ უშველის არც ავსტრიაში გაქცევა და არც ნახევრად ლოთური საუბარი. გახარიას და რატიანს თუ ერთი ნარატივი ექნებოდა ამას ვერ წარმოვიდგენდი. მოვითხოვ, ჩაჯდეს თვითმფრინავში, ჩამოვიდეს, მივიდეს პროკურატურაში ჩემს ადვოკატთან ერთად, წაიყვანოს ტელევიზიები, ამოიღოს ის დოკუმენტი და თუ ეს დოკუმენტი იქ არ იქნება, ძალიან მკაცრად აგებს პასუხს“,- განაცხადა ხაზარაძემ.
ხაზარაძის ეს პასუხი ზვიად რატიანის განცხადებას მოჰყვა. რატიანმა განაცხადა, რომ მის სკანდალურ საქმეში ხაზარაძის ხელმოწერაც არის.
„მარტო მე და მამუკამ (ხაზარაძემ) ვიცით , სამწუხაროდ პროკურატურიდან კადრებს არ იძლევიან, რაც მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი. „თიბისის“ კამერის შეჭრილ კადრებზე ვსაუბრობ, ამოღებულია ყველაფერი, რითაც დაიწყო ისტორია, რომელიც დავიწყებულია და არავის არ მინდა, რომ გავახსენო. „თიბისის“ კადრებია მიტანილი პროკურატურაში, რა ფოტოკადრის გადაღება ხდება, შეკრეჭილი, დამონტაჟებული კადრებია, სადაც ამბის დასაწყისი არ არის. მე გიჟი კი არ ვარ, მახსოვს ყველაფერი, როგორც მოხდა.
არ ვამხელდი, სანამ პოლიტიკაში არ გაეკვეხა, პოლიტიკაში ასეთი ტიპები არ უნდა იყვნენ, რომლებიც ყველგან გვყიდიან ნებისმიერ თანხად. ხვალვე ისევ ბიძინა გადაუხდის და მე მეძახიან ბიძინას ნაყიდს.
ხაზარაძის ხელია მოწერილი, მხოლოდ მე და ჩემ ადვოკატს გვინახავს, არ გვაძლევენ. პროკურატურაში გვანახეს კადრები, ხელმოწერით. ოდესმე ამის დამტკიცება შემეძლება შემეძლება, როცა ეს საბუთები გამოვა სააშკარაოზე და სტრასბურგში მოვიგებ საქმეს.“,-აცხადებს ზვიად რატიანი.