სამართალდამცველები ირაკლი ოქრუაშვილის საქმეში – ყველა მოწმე, რომელთა ჩვენების საფუძველზე ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება, სამართალდამცველი აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი2”-ი ავრცელებს. როგორც ირკვევა,ყველა ის პირი, ვისი ჩვენებითაც ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენას ედავებიან, მოქმედი პოლიციელი და სპეცრაზმელია.
ჩვენებები ოქრუქშვულის წინააღმდეგ, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან “შაბათის კურიერის” სკანდალური ინტევრიუს შემდეგაა მოპოვებული, რომელიც ეთერში 20 ივლისს გავიდა.
20 ივლისს რუსთავი2-ის ეთერში გადაცემა “შაბათის კურიერში” ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ “რუსთავი 2” მას ეკუთვნის და მან სამართელბრივი ბრძოლა დაანონსა.
როგორც რუსთავი2 აცხადებს სამართალდამცველებმა მოწმეები 20 ივნისის მოვლენებიდან ერთთვიანი დაგვიანებით, 23 და 24 ივლისს დაკითხეს.
„განაწილებული ვიყავი ჭიჭინაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ვიცავდი საზოგადოებრივ წესრიგს 22:00 საათიდან 23:00 საათამდე შუალედში. ჭიჭინაძის ქუჩაზე მოვიდა ადამიანთა ჯგუფი, დაახლოებით 30 კაცამდე, მათ ხელმძღვანელობდა ირაკლი ოქრუაშვილი, მოუწოდებდა მასთან ერთად მყოფ პირებს, ძალის გამოყენებით შესულიყვნენ პარლამენტში. ოქრუაშვილი იდგა ჩემგან დაახლოებით ერთ მეტრში და მე მისი ხმა კარგად მესმოდა, თუ როგორ მოუწოდებდა მის თანმხლებ პირებს ჩვენი კორდონის გარღვევას და ძალისმიერი მეთოდით პარლამენტში შესვლას. ოქრუაშვილთან ერთად მყოფი პირები ემორჩილებოდნენ მის მოწოდებას და ისინი ოქრუაშვილის თაოსნობით ცდილობდნენ ჩვენს კორდონის გარღვევას.
“ეს ვითარება გრძელდებოდა დაახლოებით 10-15 წუთი, მთელი ამ დროის განმავლობაში ირაკლი ოქრუაშვილი იდგა ამ ჯგუფის სათავეში და ისევ მოუწოდებდა ამ ადამიანებს, რომ გაერღვიათ პოლიციის კორდონი და შესულიყვნენ საკანონმდებლო ორგანოში. მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა ჩვენ შევძელით კორდონის შენარჩუნება ამის შემდეგ ოქრუაშვილი მის თანმხლებ პირებთან ერთად წავიდა რუსთაველის გამზირისკენ,“-ამბობს კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი ჩვენებაში.
„მე პირადად ვიდექი პარლამენტის შენობის წინ. ცოცხალი ჯაჭვის უკანა რიგებში. რა დროსაც დავინახე ირაკლი ოქრუაშვილი, ის ჩემგან დაახლოებით ერთ, ან ორ მეტრში იდგა და სხვადასხვა დემონსტრანტებთან ერთად ცდილობდა ცოცხალი ჯაჭვის გარღვევას,“-ამბობს დაკითხვის ოქმში კიდევ ერთი სამართალდამცველი.