“რუსთავი 2-ის” მფლობელების ირგვლივ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებსა და სამართლებრივ დავებს “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. ჯაფარიძე ტელეკომპანიის ისტორიას ყვება როგორ გადადიოდა “რუსთავი 2” ხელიდან ხელში და რომელი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართული ამ ყველაფერში. ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა გადასახადის გადამხდელების ფულით შექმნა მძლავრი პოლიტიკური ინსტრუმენტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის.
“რასაც ვუყურებ, ყველა ნახევარ სიმართლეებს საუბრობს
ან იმას ჰყვება ამ არხის ისტორიიდან, რაც მისი დღევანდელი პოლიტიკური დღისწესრიგისთვის არის მომგებიანი
მე მოვყვები რა მსმენია (ბევრი სხვადასხვა წყაროებიდან) და რა არის ფაქტი:
მე მსმენია რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ, ეროსი კიწმარიშვილმა გადაწყვიტა რომ მას, როგორც ამ რევოლუციის ერთერთ შემოქმედს (რუსთავი2-ის წვლილის გათვალისწინებით), ქვეყანაში რაღაცეები ეკუთვნოდა (ანუ, ოქრუაშვილი სავარაუდოდ არ იტყუება როდესაც ამბობს რომ კიწმარიშვილი რაღაცეებს ითხოვდა)
მათ შორის მიაკითხა ახალჩამოსულ ბენდუქიძეს და თითზე გასაღებების აცმის ტრიალით სთხოვდა კონკრეტული აქტივების მისთვის დათმობას, დაწყებული პორტიდან, დამთავრებული რუსთავის მეტალურგიულით
ბენდუქიძისგან უარის მიღების შემდეგ, მიაკითხა სააკაშვილს და ჟვანიას
მათგანაც უარის მიღების შემდეგ კი გადაწყვიტა ახლადმოსული ხელისუფლების დაშანტაჟება – ანუ, ტელეკომპანიის ლულა მოუტრიალა იმათ ვისაც დაეხმარა ხელისუფლებაში მოსვლაში (ამ დროს უნდა ემთხვეოდეს რ2-ის სიუჟეტი ჟვანიას ძმის ბიზნეს ინტერესებზე)
პარალელურად დაიწყო მოლაპარაკება პატარკაციშვილთან რ2-ის მიყიდვაზე (ანუ, ოქრუაშვილი სავარაუდოდ არც აქ იტყუება)
მაშინდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა რომ რ2 პატარკაციშვილის ხელში მათ წინააღმდეგ საშიში იარაღი იქნებოდა
სწორედ ამიტომ იყიდეს ეს ტელევიზია ქიბარ ხალვაშის ხელით, ოქრუაშვილის შუამდგომლობით
მეტიც, მსმენია რომ რეალურად ფული ბიძინამ გადაიხადა (თითქოს სააკაშვილმა შესთავაზა მას რ2-ის ყიდვა, რაზეც მან უპასუხა რომ არაფერში სჭირდება ტელევიზია, მეტიც, არსებული მე-9 არხიც კი დახურა, თუმცა მზად იყო ფული გადაეხადა)
დვალი-აქიმიძეზე ზუსტად რა მოხდა არ ვიცი. მსმენია ვერსია რომ მათზე ზეწოლა მოხდა (რომელიც კიწმარიშვილთან შეთანხმებული იყო). მსმენია რომ ისინი ნებით დათანხმდნენ პირობებს. ასევე მსმენია რომ ისინი სინამდვილეში კიწმარიშვილმა მოატყუა – თვითონ დიდი თანხა აიღო, მათ ცოტა შეხვდათ და რეალურად მათი გაბრაზება მოგვიანებით ამ ფაქტის გაგებამ გამოიწვია. (მე უფრო პირველი ვერსიის – ზეწოლის მჯერა).
ხალვაშის შემდეგ მესაკუთრეები ბევრჯერ შეიცვალენ, მაგრამ არსებითად არაფერი შეცვლილა – არხი რჩებოდა წარმატებულ პრო-სახელისუფლებო მედია საშუალებად.
რომ შევაჯამო ეს ნაწილი – ქიბარ ხალვაში არასოდეს ყოფილა რ2-ის რეალური მფლობელი და მას არასოდეს გადაუხდია საკუთარი ფული ამ ტელევიზიის შეძენაში ან განვითარებაში.
მაგრამ ეს არ არის რ2-ის სრული ისტორია
არანაკლებ მნიშვნელოვანია პარალელურად მიმდინარე პროცესი, რომელიც ეხება ტელეკომპანია საქართველოს და რომელმაც განაპირობა რუსთავი2-ის იმ სახით მიღება, რა სახითაც ის იყო სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე
ტვ საქართველო შეიქმნა ტვ 202-ის ბაზაზე (მანამდე ტვ33 ერქვა)
2007 წლის თებერვალში ის იყიდა კახა ნინუამ, მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზრაშვილის მოადგილის ძმამ (მალე ფორმალურად მფლობელი გამოიცვალა, მაგრამ მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს)
ამ შეძენიდან ეგრევე, ეს ტელევიზია ხდება თავდაცვის სამინისტროს ერთერთი ყველაზე მსხვილი კონტრაქტორი. მეტიც, სინამდვილეში ტელეკომპანიის არსებობის წყარო არის თავდაცვის სამინისტრო
პირველი კონტრაქტი გაფორმდა 2007 წლის აპრილში (ჯერ კიდევ კეზერაშვილის მოადგილის ძმაა მესაკუთრე) – 11,6 მილიონი ლარზე, მოსახლეობაში სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების ასამაღლებელი ქონთენთის შესაქმნელად
თუმცა, შემდეგ ხელშეკრულებაში შეტანული ცვლილებების შედეგად, კონტრაქტის ღირებულება გაიზარდა 29,6 მილიონამდე (!)
2012 წლის ოქტომბერში ამ ტელეკომპანიის მფლობელები ხდებიან ძმები ყარამანაშვილები (მანამდე რამდენჯერმე შეიცვალა მესაკუთრეები)
2012 წელსვე ტელეკომპანია საქართველო ყიდულობს რუსთავი2-ის 51%-ს
(ამავე დროს ტელეკომპანია საქართველოს ლიცენზიები სარგებლობაში გადაეცა სამოქალაქო განვითარების ფონდს, რომლის წარმომადგენელი იყო თამარ ჩერგოლეიშვილი, რომლის დაც კახა ნინუას მეუღლეა)
ანუ, ეს ტელევიზია, რომელიც სტრასბურგმა ქიბარ ხალვაშს აჩუქა, რომელიც სინამდვილეში მეტწილად ჩვენი, გადასახადების გადამხდელების ფულით შეიქმნა და აღიჭურვა (30 მლნ!), შემდეგ უცებ გაქრა და გახდა სხვა კერძო მაუწყებლის, რუსთავი2-ის ნაწილი
რეალურად, თუ ბოლომდე გულწრფელი ვიქნებით, სააკაშვილმა გადასახადის გადამხდელების ფულით შექმნა მძლავრი პოლიტიკური ინსტრუმენტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის
და მართლა ძალიან მაგარი გამოუვიდა. მეტიც, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ქვეყნისთვის მართლა მნიშველოვანი როლის შემსრულებელი (ხდება ხოლმე ასეც დემოკრატიებში)
ესაა თითქმის სრული ისტორია
ამ ისტორიაში ბევრი რამე არაა მოსაწონი და ალბათ ბევრი დეტალია კიდევ ბურუსით მოცული
მაგრამ ქიბარ ხალვაში ამ ისტორიაში არაა არაფერი, საერთოდ არაფერი – ესაა ფაქტი”-წერს ზურაბ ჯაფარიძე.