“ყველა რეიტინგით, რომელსაც ჩვენ ვზომავდით, ჩვენ გვქონდა 3 პროცენტზე მეტი”-სააკაშვილი უკრაინის არჩევნებზე

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება. სააკაშვილმა  საკუთარი პარტიის მარცხი შეაფასა და განაცხადა, რომ  პარტია ვერ შეძლებდა 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას, თუმცა რეიტინგების მიხედვით მათ 3 პროცენტზე მეტი ჰქონდათ. 

„ბოლო დღეები ჩვენ ჩავატარეთ კამპანია იმისა, რომ ჩვენ მომხრეებს მიეცათ ხმა პრეზიდენტ ზელენსკის პარტიისთვის. რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, ჯერ ერთი, ჩვენი კამპანია დაიწყო ძალიან გვიან და, პრაქტიკულად, კამპანიისთვის გვქონდა 2 კვირაზე ცოტა მეტი. მეორე, ამის გამო, ყველა რეიტინგი, რომელსაც ჩვენ ვზომავდით, ჩვენ გვქონდა 3 პროცენტზე მეტი, მაგრამ ვერ ვქაჩავდით 5-პროცენტიან ბარიერს, ფაქტი იყო და ეს სამივე პროცენტი იჯდა პრეზიდენტ ზელენსკის პროცენტზე. ჩემი სამიზნე თავიდანვე იყო ადგილობრივი არჩევნები შემოდგომაზე და მე ვფიქრობ, ამ გზაზე მივდივართ კარგად,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახლა მისი პარტია შემოდგომაზე დაგეგმილი ვადამდელი ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებას იწყებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ვადამდელი  საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს შედგა. არცევნების შედეგების მიხედვით, ლიდერობს ზელენსკის პარტია.  პრეზიდენტის პარტიამ, სახელწოდებით “ხალხის მსახური” ხმების 42 პროცენტზე მეტი მოაგროვა. ბარიერი ვერ გადალახა მიხეილ სააკაშვილის პარტიამ, “ახალ ძალთა მოძრაობამ” ხმათა 0.4% დააგროვა.