“ყველა წყენა ჩემგან ჩავლილია“–გიგი უგულავა ნიკა მელიას მიმართავს

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა ნიკა მელიას ფეისბუქით მიმართავს:
“გლდანის ციხეში 2014 წლის ზაფხულს “უფროსობის” დავალებით ქურდული კორიდორი მომიწყვეს. გავიარე და უკან გამოვიარე კორპუსებს შორის -კორპუსები გლეჯდენ მიწას. ისეთი გუგუნი იყო, გინება, ჯამების რახა რუხი, მოკლედ ჯოჯოხეთი – დაგეშილი უმრავლესობა.
გასახსენებლად ისე უსიამოვნოა, რომ ამაზე წერა არც მიფიქრია. გადავწყვიტე რადგან დღეს, როცა ნიკა მელიას საპარლამენტო საბჭოთა სასამართლოს ვუყურე, ჩემი ცხოვრების ეგ ეპიზოდი მედგა თვალწინ. ზუსტად იგივე დაგეშილი უმრავლესობა, ამჯერად უკეთ კოსტუმირებული, მაგრამ ქურდულ ციხურისგან არაფრით განსხვავებული. ამაზრზენი შეგრძნება იყო. დღეს ნიკას სახით მთელმა საქართველომ განიცადა ეს.
დღევანდელი ოცნების სასამართლოს შემდეგ, მე მაინც იმედს ვიტოვებ რომ ხვალ მურუსიძის სასამართლო გირაოთი გარეთ დაგტოვებს, თუმცა პატიმრობაც შენთვის შესაძლებლობა იქნება. ბევრი რამის შესაძლებლობა! ახლა კი განცდა მაქვს, რომ ხვალ ჯარში მიდიხარ!
პ.ს. ყველა წყენა ჩემგან ჩავლილია“– დაწერა გიგი უგულავამ და ფეისბუქ სტატუსზე რუსთავი2–ის დირექტორი, ნიკა გვარამიაც მონიშნა:
“Nika Gvaramiaშენც გთაგავ რადგან ციხის ეგ კორიდორი შენც გაიარე და მგონი დიდად არც შენ გილაპარაკია ამაზე“.
პასუხად ნიკა გვარამიამ დაწერა:
“კი ბატონო, მეც გავიარე ეგ დადგმული კორიდორი. სრულიად ყ@@ზე დავიკიდე. დაკავების და ხელბორკილების დადებისთანავე, მკაფიოდ ვიცოდი რაც იქნებოდა მომავალი წლების მთავარი ამოცანა“.