პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეკატერინე ტიკარაძესთან და ამირან გამყრელიძესთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ქვეყანაში ყველა ზომა მიღებულია და ყველა მოქალაქე დაცულია კორონავირუსისგან.
მისი თქმით, არ არსებობს საჭიროება, რომ ,,უცებ სასურსათო მაღაზიებში შეიქმნას საგანგაშო მდგომარეობა”.
,,დღეს მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზომა მიღებულია. საკოორდინაციო საბჭო სრულყოფილად ფუნქციონირებს და ჩვენი მოქალაქეები დაცულები არიან. საჭიროა, ყველამ დაიცვას ჰიგიენის რეკომენდირებული ზომები, რათა ვირუსი არ გავრცელდეს.
ქვეყანა დაცულია: საჰაერო მიმოსვლები შეზღუდულია იმ ქვეყნებთან, სადაც საჭიროა; ის საზღვრებია ჩაკეტილი, რომელიც საჭიროა. ჩვენ სრულ იზოლაციაში არ მოვაქცევთ ჩვენს თავს – ამის საჭიროება არ არსებობს! არც იმის საჭიროება, არსებობს რომ უცებ სასურსათო მაღაზიებში შეიქმნას საგანგაშო მდგომარეობა.
ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებლიანები, მშვიდად შევხვდეთ ამ მდგომარეობას და ვიცოდეთ, რომ ბევრია ჩვენზე დამოკიდებული, სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს!”,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.