ტელეკომპანია “იმედი” ორმა თანამშრომელმა დატოვა. პაატა შამუგიას და ტორესა მოსის ტელევიზიიდან წასვლა 11 აგვისტოს გასულ ფილმს “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს” უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებენ.
“სამი მოთხოვნა მქონდა სულ, წაშლილიყო ვიდეო, არხს მოეხადა ბოდიში და რაიმე ტიპის პასუხისმგებლობა დაეკისრებინათ იმ ადამიანისთვის, ვინც ვიდეოს გაშვებაზე პასუხისმგებლობა აიღო. ჩემი აზრით, ყველანაირი გონივრული ვადა გავიდა, არხს გადაწყვეტილება რომ მიეღო ამ სრულიად გაუგონარ შემთხვევაზე. როდესაც კონკრეტული თანამშრომელი იღებს პასუხისმგებლობას ისეთი პროდუქტის გაშვებაზე ეთერში, რომელიც არხზე არ მომზადებულა, არ შეესაბამება არხის სარედაქციო პოლიტიკას, არ შეესაბამება ამ არხის არანაირ სტანდარტს, არანაირ ჟურნალისტურ სტანდარტს, ბუნებრივია, ამას უნდა მოჰყოლოდა ამ ადამიანის მიმართ კონკრეტული შედეგი. ეს არ მოხდა, ბუნებრივია, რომ ამ დროს არხი იხდის ბოდიშს, იმიტომ, რომ ისეთი პროდუქტი მოხვდა ეთერში, რომელიც არ უნდა მოხვედრილიყო. ამის მიუხედავად ეს არ გააკეთეს. ვთვლი, რომ გადაიკვეთა ის ძალიან მნიშვნელოვანი წითელი ხაზები ჩემთვის, რომლის მიღმაც შეუძლებელია იმუშაო იმ ორგანიზაციაში, რომელიც პროფესიულ სტანდარტს ასე პასუხობს. რაღაც კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადამედგა. მე გავაკეთე ჩემი არჩევანი. არ ყოფილა არანაირი ზეწოლა. არ დასმულა ასე საკითხი – ან წადი ან დარჩი. მე თვითონ ჩავთვალე, რომ ჩემთვის შეუძლებელი იყო თანამშრომლობის გაგრძელება” – განაცხადა ტორესა მოსმა “ბათუმელებთან”.
როგორც ტორესა მოსი აცხადებს,მიუხედავად იმისა რომ არხმა ვიდეო წაშალა, არ შესრულა 2 მოთხოვნა, არ მოუხდია ოფიციალურად ბოდიში და არ დაეკისრა ნიკა ლალიაშვილს დისციპლინური პასუხისმგებლობა.
შეგახსენებთ,რომ 11 აგვისტოს იმედზე” გასულ სკანდალურ ფილმზე,“ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს” რომელსაც საზოგადოების და ოპოზიციის მხრიდან დიდ კრიტიკა მოჰყვა, პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა აიღო. ლალიაშვილი აცხადებს, რომ ფილმის პროდიუსერი თავად არის.