“მინდა ყველას მოვუწოდო – საქართველოში გაატარეთ თქვენი შვებულება ამ წელს,“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ბათუმში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებს შეხვდა, სადაც აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალი განიხილეს.
„აჭარის მთავრობასთან დღევანდელი შეხვედრა საინტერესო იყო იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრი ახალი საინვესტიციო პროექტია ამ რეგიონში. აქ არის ძალიან მზარდი ტურიზმი, თუმცა ვიცით, რომ დღეს არის გარკვეული პრობლემები. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ის, რომ რეალურად არ შენელებულა ის მზარდი ტურიზმი, რომელიც ამ რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოვუწოდო, საქართველოში გაატარეთ თქვენი შვებულება ამ წელს. ამ განცხადებას გავაკეთებ ძალიან მალე ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაზე, სადაც ძალიან ბევრი მაღალი დონის პარტნიორი ჩამოვა,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.
დღესვე სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო კონგრესი გახსნა, რომელიც საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.