“ყველას ვთხოვ, ნუ შეეცდებიან, ჩემი გამოსვლის ტექსტში ერთი ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულაციას”-ჩაჩიბაია

“ყველა ამ კონფლიქტში რუსეთი იყო საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგე,”- შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გუშინდელ  განცხადებაზე   განმარტება გააკეთა. 

გენერალმა განმარტა, რომ ყველა ამ კონფლიქტში რუსეთი  საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგე იყო. 

ჩაჩიბაიამ მოუწოდა საზოგადოებას, რომ ნუ შეეცდებიან, სიტყვიდან ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულაციას.

„1990-იან წლებში მომხდარი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტში რუსეთი იყო, როგორც დამგეგმარებელი, ასევე ის მონაწილეობდა მისი კონვენციური და არაკონვენციური ძალებით. რუსეთის მიერ ინსპირირებული და მხარდაჭერილი კონფლიქტების მე თავად გახლავართ მონაწილე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად. ჩვენ ვიცავდით ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და დამოუკიდებლობას. ყველა ამ კონფლიქტში რუსეთი იყო საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგე. ეს არის ჩემი და ყველა პატრიოტის და ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ქართველის პოზიცია, ამიტომ ყველას ვთხოვ, ნუ შეეცდებიან, ჩემი გამოსვლის ტექსტში ერთი ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულაციას,“ – განაცხადა ჩაჩიბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების  დღესთან  დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას  ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ საქართველომ ბოლო 28 წელიწადში 4 ომი გამოიარა, აქედან 3 სამოქალაქო და 1 რუსეთისგან ფართომასშტაბური აგრესია.