ტვ პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი ხელისუფლებას მიმართავს პროკურატურის განცხადების შემდეგ, რომელმაც მისი მამის, ბიზნესმენ ავთო წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ავთო წერეთელს ბრალს წაუყენებენ ე.წ. ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმეში “უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე“.
ვატო წერეთელი თვლის, რომ მამის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება ტვ პირველის ხელში ჩაგდების სურვილს უკავშირდება:
“მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი ცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით ?! კიდევ ერთხელ გეუბნებით – ტვ პირველს ვერ წაიღებთ ! ვრჩებით გავლენების მიღმა – მოვლენების შუაგულში. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება. მამა – ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში.
P.S. პროკურატურასთან შედგა კომუნიკაცია, ფორმალობებს ავთანდილ წერეთლის ადვოკატი კახა წერეთელი მიხედავს.
ავთანდილ წერეთელი მზად არის, გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს საქართველოში დაბრუნებისთანავე. ამის თაობაზე საქმის კურსშია საქართველოს გენერალური პროკურატურა.“–წერს ვატო წერეთელი ფეისბუქ გვერდზე.