საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პუტინის გადაწყვეტილებას მიესალმება. ამის შესახებ მან განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა.
„ჩვენ გულდასმით ვადევნებდით თვალს უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და უნდა ითქვას, რომ ის პროვოკაციული განცხადებები, რომელმაც გამოიწვია სიტუაციის გამძაფრება, ესკალაცია იყო კატეგორიულად მიუღებელი. რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ცალსახად ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილებაა და მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება მიესალმო. არავითარ შემთხვევაში ამ უპასუხისმგებლო და მართლაც პროვოკაციულ განცხადებებს, რასაც სიტუაციის გამძაფრება მოჰყვა, რომელსაც მოჰყვა სწორედ სიტუაციის ესკალაცია, დესტაბილიზაცია, იმ მძიმე ფონის შექმნა, რომელმაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას, ბუნებრივია, არავითარ შემთხვევაში ამის დაშვება არ შეიძლება. ვფიქრობ, ის გადაწყვეტილება, რომელიც მოვისმინე, იყო ცალსახად სწორი“,- განაცხადა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღებას დაუჭირა მხარი თუმცა გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ ქართველი ხალხის პატივისცემის გამო ასე არ მოიქცევა.