“ზარი პროკურატურიდან და ეკა გაჩუმდა”:სკანდალი ბესელიას ირგვლივ

მორიგ “ფეისბუქ-პოსტს” უძღვნის ეკა ბესელიასა და მოსამართლეების თემას, ასევე არასამთავრობოების კრიტიკას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი. ის წერს, რომ ბესელიასნაირი პოლიტიკოსები სასამართლო სისტემას დიქტატორული მეთოდებით ებრძვიან, თავად კი ვალდებულია, დაიცვას სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების დამოუკიდებლობა.

მეთოფიშვილი აღნიშნავს, რომ მოწინავე კვლევითი ცენტრის “ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” სასამართლოს ეფექტიანობის კვლევის მიხედვით, 2018 წელს საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 ადგილზე გავიდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში – პირველ ადგილზეა.

“ამ დროს რას აკეთებენ ბესელია, მისნაირი პოლიტიკოსები და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია? პასუხი ვიხილეთ განსაკუთრებით ბოლო დღეებში – პოპულისტური, უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი განცხადებებით ყველანაირად ცდილობენ მოახდინონ საკუთარი ქვეყნის სასამართლო სისტემის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრედიტაცია! ყოვლად დაუშვებელია, როდესაც საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელი (ვგულისხმობ ბესელიასნაირ პოლიტიკოსებს), დიქტატორული მეთოდებით ებრძვიან საკუთარი ქვეყნის სასამართლო სისტემის, ანუ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. ისმის კითხვა, რატომ აკეთებენ ამას? პასუხი მარტივია – ცდილობენ, მოიპოვონ გავლენა სასამართლო სისტემაზე და “ჯიბის” სასამართლოდ აქციონ უზენაესი სასამართლო! სწორედ ამიტომ შეეცდებიან, შეიტანონ ცვლილება კანონში და საბჭო ვალდებული გახადონ, ამ პროცესში ჩართონ პოლიტიკოსები და პოლიტიზირებული არასამთავრობო სექტორი და მათი ჩართულობით შეირჩეს მათთვის სასურველი კანდიდატები. იმედია, ხელისუფლების უმრავლესი ნაწილი ასე არ ფიქრობს”, წერს მეთოფიშვილი.

ეკა ბესელია ამ განცხადებას კომიკურს უწოდებს და ამბობს, რომ მეთოფიშვილი რაც უფრო ხშირად და ბევრს ისაუბრებს საზოგადება, ნათლად დაინახავს, რისთვის იბრძვის ბესელია მის კოლეგებთან ერთად. “ნუ დამახარჯინებთ დროს ისეთი არასერიოზული და კომიკური პერსონების გამო, როგორიც არის მოსამართლე მეთოფიშვილი, რომელიც ანგრევს სასამართლოს იმიჯს. კიდევ დიდხანს თუ ალაპარაკებენ, მეც და ჩემს კოლეგებსაც ძალიან ცოტა დრო დაგვჭირდება იმის დასამტკიცებლად, რისთვის ვიბრძვით. არავინ ისე არ ანგრევს სასამართლოს, როგორც ასეთი მოსამართლეები”, განაცხადა ეკა ბესელიამ.

პოლიტიკოსს დღეს უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილიც დაუპირისპირდა და ინფორმაციას გაავრცელა, რომლის თანახმადაც ეკა ბესელიამ მოსამართლეების სიაზე სკანდალი მას შემდეგ ატეხა, რაც რიგ გარიგებებში მხილებულმა – რომელიც შეწყალების კომისიას, ფოთის ლიცენზიებსა და ტენდერებს და უამრავ სხვა თემას ეხება, თავდაცვისთვის და ბიზნესის შენარჩუნებისთვის უვადო მოსამართლეობა მოითხოვა და უარი მიიღო. მუხიგულაშვილი ამის შესახებ “ფეისბუქზე” წერს: 

“ატყდა კივილ წივილი მას შემდეგ, რაც ეკამ ვერ მიაღწია მიზანს და სიის გადათამაშება სკანდალებით სცადა, რა დროსაც ზარი პროკურატურიდან და ეკა გაჩუმდა. მიზანიც რა კარგი ჰქონია – უვადო მოსამართლეობა არავინ მოსთხოვს; პასუხს კორუფციაზე არავინ მოსთხოვს პასუხს არაფერზე, 65 წლამდე ხელშეუხებლობა და 10.000 ლარი ხელფასი”, წერს უფლებადამცველი “ფეისბუქზე” ეკა ბესელია გიორგი მიხიგულაშვილის განცხადებას სისულელეს უწოდებს და ამბობს, რომ ამაზე დროს ვერ დახარჯავს. მოსამართლეობა და პროკურორობა კი არასდროს სურდა. წლების განმავლობაში იყო ადვოკატი და მომავალშიც გეგმავს, რომ ამ პროფესიას დაუბრუნდეს”.