ზაზა ფაჩულიასთვის სეზონი დასრულებულია

ზაზა ფაჩულიას დეტროიტ პისტონსი დღეს გამთენიისას მილუოკი ბაქსს მასპინძლობდა. დეტროიტისთვის ამ თამაშს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც ისინი სერიაში უშანსოდ 3-0 მარცხდებოდნენ და დღევანდელი წაგების შემთხვევაში პლეიოფს დაემშვიდობებოდნენ (როგორც მოგეხსენებათ, ენბიეის პლეიოფის სერია 4 მოგებამდე გრძელდება).

სამწუხაროდ დეტროიტმა ვერც ამ მატჩში მოახერხა მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საბოლოოდ ანგარიშით 127-104 დამარცხდნენ.

მილუოკის რიგებში გამოირჩა მათი ლიდერი იანის ანტეტუკომპო: 31 წუთი, 41 ქულა (პლეიოფის პირადი რეკორდი), 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 4 დაფარება.
დეტროიტის საუკეთესო კალათბურთელი რეჯი ჯექსონი გახდა: 31 წუთი, 26 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა.

ზაზას ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. შეგახსენებთ, ქართველ ცენტრს დეტროიტთან მიმდინარე კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და მისი მომავალი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.