ზაზა სარალიძე: პროკურორისგან პასუხები ვერ მივიღეთ

ისევ პასუხგაუცემელი კითხვები და დაპირებები შვილმოკლულ მამას. პროკურატურაში მთავარ პროკურორს, ხორავას ქუჩის საქმის პროკურორებსა და ზაზა სარალიძეს შორის რამდენიმესაათიანი შეხვედრა დასრულდა. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება კვლავ ცდილობს 2017 წლის პირველ დეკემბერს მოზარდების ჩხუბის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მიხეილ კალანდია საქმიდან გაიყვანოს. ზაზა სარალიძის თქმით, შეხვედრაზე არაერთი კითხვა დასვა, თუმცა პასუხები კვლავ ვერ მიიღო. თუმცა უთხრეს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმის გამომძიებლების მიმართ სამსახურებრივ გადაცდომებზე მოკვლევა უკვე დაწყებულია.

ზაზა სარალიძემ შალვა თადუმაძისგან კიდევ ერთი შეთავაზება მიიღო. ორშაბათიდან საქმის მასალებთან წვდომის უფლებას კიდევ ერთხელ მიირებს სარალიძის უფლებადამცველი, რის შემდეგაც შვილმოკლული მამა საგამოძიებო უწყებაში ისევ მივა.

ზაზა სარალიძეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა. პროკურატურაში დღეს გიგი უგულავაც მივიდა. ის ამბობს, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ მკვლელების მფარველობა შეწყვიტოს.

ვინ მოკლა 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძე და რა ეტაპზეა გახმაურებული საქმის ხელახალი გამოძიება ისევ უცნობია. შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე დაკავებულ პირს პატიმრობა დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის მიუსაჯა, ერთი პირი კი გაამართლა.