ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, გენერალურ პროკურატურაში შალვა თადუმაძესთან შესახვედრად მივიდა, თუმცა გენერალურ პროკურორთან აუდიენცია ვერ მოახერხა.
პროკურატურის ეზოდან ზაზა სარალიძის გაყვანას რამდენიმე სამართალდაცველი ძალის გამოყენებით ცდილობდა, რის შემდეგაც მან თვითდაზიანებები მიიყენა. ზაზა სარალიძესთან ერთად ტერიტორია დაატოვებინეს მის თანმხლებ პირებსაც, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილს.
საქართველოს გენერალური პროკურატურა ზაზა სარალიძის პროკურატურაში შესვლას “თვითნებურად შეჭრად” აფასებს და აცხადებს, რომ მისი მხრიდან “აგრესიულ, კანონსაწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელ საქციელს” აქვს ადგილი.
ზაზა სარალიძეს მოთხოვნას საქმის პროკურორებთან შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურა პასუხობს.
“საქართველოს გენერალური პროკურატურა ორგანიზებას გაუწევს ზაზა სარალიძისა და სამივე მიმდინარე საქმის მოქმედი პროკურორების შეხვედრას, რომელიც შედგება სამშაბათს. დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია გახდება ცნობილი როგორც თავად ზაზა სარალიძისათვის, ასევე ეცნობება საზოგადოებას. საქართველოს გენერალური პროკურატურა მუდმივად მზად არის კომუნიკაციისა და პრობლემურ საკითხებზე მსჯელობისთვის ნებისმიერ პირთან, იქნება ეს დაზარალებული, ბრალდებული თუ დაინტერესებული პირი ამა თუ იმ საქმეზე. თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ზაზა სარალიძის მხრიდან აგრესიული, კანონსაწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი საქციელის გამო, რაც ამ წუთებშიც გამოავლინა პროკურატურის ტერიტორიაზე თვითნებურად შემოჭრით, სამწუხაროდ, მოკლებული ვართ შასაძლებლობას მასთან კომუნიკაციის, თუმცა საქმიანი და ნორმალური კომუნიკაციის ფორმატში მზად ვართ, სამშაბათს, საქმესთან დაკავშირებული ყველა პროკურორი შეხვდეს”, წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.














