ზეწოლა ჩვენი ხელწერა არ არის-ნათია თურნავა ხაზარაძის საქმეზე

ჩვენი ხელისუფლება არ იყენებს პროკურატურას ბიზნესზე ზეწოლისთვის – ამის შესახებ განცხადება  ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მამუკა ხაზარაძის საქმეზე გააკეთა. თურნავას განცხადებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სამართლებრივი დევნა  პოლიტიკურ ზეწოლასთან კავშირში არ არის.

„ყველანი ვართ თანაბარი კანონის წინაშე, იქნება ეს საჯარო მოხელე, მთავრობის წევრი, ბიზნესის წარმომადგენელი, აბსოლუტურად რიგითი მოქალაქე. ჩვენი ხელისუფლება არ იყენებს პროკურატურას, არ იყენებს სასამართლოს ბიზნესზე ზეწოლისთვის. ეს ჩვენი ხელწერა არ გახლავთ. გამოძიება დაწყებულია არის ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ბატონმა მამუკამ გააკეთა განაცხადი თავის პოლიტიკაში მოსვლის გეგმებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

თურნავამ ასევე განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხე არ ემუქრება.

“როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ანაკლიის პროექტი წარმოადგენს ძალიან მაღალი დონის პრიორიტეტს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ცალსახად გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში. სახელმწიფოს პროექტის უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს გაცხადებული და აქედან გამომდინარე, ამ პროექტს არაფერი ემუქრება,” – განაცხადა თურნავამ.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. მათ ოფიციალურად ბრალს დღეს წარუდგენენ, რის შემდეგაც პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მიმართავს.