ზეწოლა იყო ჩემს ბავშვზეც – ნარინე გინოსიანი დეპუტატის მხრიდან ზეწოლის ახალ დეტალებზე საუბრობს

 


ნარინე გინოსიანი „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ენზელ მკოიანის მხრიდან ზეწოლის ახალ დეტალებზე საუბრობს.

გინოსიანი ყვება, რომ  სამართალდამცავები მის დაშინებას ოჯახის წევრებზე ზეწოლით ცდილობენ. ბაგა-ბაღის დირექტორის  განცხადებით,  მისი სტუდენტი შვილი პოლიციის განყოფილებაში, თითქოსდა, თარჯიმნის სტატუსით დაიბარეს.გინოსიანი აღნიშნავს, რომ მის შვილს თარგმანებთან და საიდუმლო ინფორმაციის შემცველ ტექსტებთან შეხება არ აქვს და ის ცოდნას სულ სხვა მიმართულებით იღებს.

“ზეწოლა იყო ჩემს ბავშვზეც, პოლიციაში დაიბარეს, სათარგმნად ვითომ, რომ თარგმანი გააკეთოს. ის უბრალოდ სტუდენტია, არც დიპლომი აქვს და მენეჯერობას სწავლობს, თარჯიმანი საერთოდ არ არის და ნინოწმინდის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე ურეკავს, იბარებს დიღომის პოლიციაში, რომ „ჩვენ დავაკავეთ ვიღაცა და მოდი და თარგმნე, რა ხდებაო“. აი, როგორ შეიძლება, რომ ჩვეულებრივი სტუდენტი, თან მენეჯმენტის სტუდენტი, სომხურენოვანი ბავშვი, ქართულად იმდენად არ იცის, იცის, სწავლობს, მაგრამ თარჯიმნის დონეზე არანაირად… მანდ საიდუმლო ინფორმაცია და რაღაცა არსებობს და ურეკავენ ჩემს ბავშვს და იბარებენ პოლიციაში. ეს დიდი პრობლემაა ჩემთვის იმიტომ, რომ ეს ზეწოლაა პირდაპირ ჩემს ბავშვებზე,“- განაცხადა გინოსიანმა.

გინოსიანი აცხადებს,  რომ სამართლებრივი დევნა მის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” დეპუტატის გავლენით დაიწყო, რადგან მან ენზელ მკოიანს ინტიმურ სიახლოვეზე უარი უთხრა.

გინოსიანის ადვოკატი შერჩევით სამართალზე საუბრობს და ამბობს, რომ მას ხელთ ორი წერილი აქვს, რომელიც პროკურატურაში გააგზავნა და საქმის სამართლებრივი შეფასება მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

„მე მაქვს ორი წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ ჩავაბარეთ თვენახევრის წინ პროკურატურას, ოფიციალურად, წერილობით და მოვითხოვეთ, რომ მას მიეცა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და დაეწყო დევნა. არა თუ სამართლებრივი შეფასება არ მიუცია და რეაგირება არ მოუხდენია, უბრალოდ პასუხიც კი არ გამოუგზავნია ჩვენთვის, რომ რაღაცა ფორმით, ის საერთოდ აპირებს სამომავლოდ მაინც რაღაცა მოქმედების განხორციელებას. გვაქვს ორი ასეთი წერილი და არ გვაქვს პროკურატურის პასუხი. ეს ხომ ნათელი მაგალითია იმისა, რომ ჩვენთან დაკავშირებით, როცა სჭირდებათ აი, ასეთ ბრალდებას დებენ და ჩვენ როდესაც ვითხოვთ, რომ არსებობს უფრო მეტი ბრალდების საფუძველი სხვის მიმართ, იქ საერთოდ არანაირი მოქმედებები არ ხორციელდება,“- განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის ბაგა-ბაღის დირექტორი „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ენზელ მკოიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. დირექტორის განცხადებით,  საქმეზე საჯაროდ ალაპარაკების შემდეგ კი, ბაგა- ბაღში, სადაც გინოსიანი დირექტორის პოსტს იკავებდა, ფინანსური პოლიცია შევიდა და მას ბრალი თანხების გაფლანგვაში დასდო.