ჩინური კომპანია, რომელიც სმარტფონებს და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებს ყიდის აშშ–სა და სხვა ქვეყნებში მზარდ პრობლემებს აწყდება. ქვეყნების ოფიციალურმა სტრუქტურებმა კომპანიები და მომხმარებლები ჰუავეის პროდუქტების გამოყენებისას ნაციონალური უსაფრთხოების პოტენციური რისკების შესახებ გააფრთხილეს. ცოტა ხნის წინ მისი ფინანსური დირექტორის, მენგ ვანჯოუს დაპატიმრებამ ჰუავეის გარშემო დამატებითი კითხვები გააჩინა. მენგი კანადის სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, თუმცა მას ხანგრძლივი სამართლებრივი ბრძოლა ელის აშშ–ში მის ექსტრადიციასთან დაკავშირებით, სადაც პროკურატურა მას ბრალად სდებს , რომ კომპანიას ირანის მიმართ სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა.
ევროპული კომპანიების განცხადებებს წინ უძღვოდა SoftBank–ის განცხადება, რომ ის ჰუავეის გადამცემებს საკუთარი ქსელიდან ამოიღებს. SoftBank იაპონიაში სიდიდით მესამე უსადენო ქსელის მფლობელია და მისი ეს გადაწყვეტილება ჰუავეის იაპონურ ბაზარზე სერიოზულ დარტყმას აყენებს.
ჰუავეისთვის ამერიკული ბაზარი პრაქტიკულად დაკეტილია. ამ ქვეყანაში კომპანიას იურისტები და ჩინოვნიკები ხშირად ადანაშაულებდნენ რომ ის ჩინეთის მთავრობის გავლენის ქვეშ მუშაობდა. კომპანია ბრალდებებს უარყოფდა და აცხადებდა, რომ მისი მფლობელები მისივე თანამშრომლები არიან. კომპანიის ხელმძღვანელების განცხადებით მათ აპარატურას მსოფლიოს 50 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანიიდან 46 ენდობა. მაგრამ უსაფრთხოების სამსახურები შეშფოთებულები არიან ჰუავეის ჩართულობის გამო სამომავლო 5G ქსელების აშენების პროცესში, რადგან მათ აპარატურას ამის შედეგად უამრავ მოწყობილობასთან და ოჯახთან ექნება წვდომა. ახალმა ზელანდიამ და ავსტრალიამ სატელეკომუნიკაციო კომპანიები გააფრთხილეს, რომ 5G ქსელის მშენებლობისას ჰუავეის აპარატურა არ გამოეყენებინათ. ჰუავეის საკითხს დიდ ბრიტანეთშიც განიხილავენ. ბრითიშ ტელეკომმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ის არ შეიძენს ჰუავეის აპარატურას უკაბელო 5G ქსელის მშენებლობისას.