ზუგდიდის მერიის ყოფილ თანამშრომელს დაკავებიდან სამ დღეში 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

{{ARTICLEIMAGE}}
ზუგდიდის სასამართლომ მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ თანამშრომელს, ყაჩაღობაში ბრალდებულ ილია გოგილავას 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ის 31 დეკემბერს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, “ლენდოს” გაძარცვისთვის დააკავეს, 3 იანვარს კი სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა საქმის არსებითი განხილვის გარეშე.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება სასამართლომ  ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარების გამო მიიღო. გოგილავა სასჯელიდან ოთხ წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ერთი წელი კი პირობითად განესაზღვრა. საქმის პროკურორის, გიორგი არახამიას განცხადებით, ბრალდების მხარემ მოიპოვა მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებდა ილია გოგილავას მიერ დანაშაულის ჩადენას. პროკურორის ინფორმაციით, ამოღებულია ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის ფულადი თანხა, რომელიც დაზარალებულ მხარეს დაუბრუნდება. “ლენდოს” გაძარცვისთვის მსჯავრდებული ზუგდიდის მერიის “კეთილმოწყობის ცენტრში” მუშაობდა. მას შრომითი ხელშეკრულება 2018 წლის 31 დეკემბერს შეუწყდა. ყაჩაღობაც იმავე დღეს მოხდა. ინფორმაცია გოგილავას დაკავების შესახებ პირველ იანვარს გავრცელდა.