ცოტა ხნის წინ,ზუგდიდში სოფელ გრიგოლიში 28 წლის ახალგაზრდას სამი ტყვია ესროლეს.ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2 “ავრცელებს. დაჭრილი ბესიკ ლაგვილავას მდგომარეობა მძიმეა, დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ექიმების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი ჭრილობა გულმკერდისა და მუცლის არეში აღენიშნება.
„112-ის მიერ შემოყვანილი იქნა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი ჭრილობა გულმკერდისა და მუცლის არეში. შინაგანი ორგანოების დაზიანებით. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, სასიცოცხლო ჩვენებით გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში“ – აცხადებს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმი, მაია ესებუა.
შემთხვევა „ქართული ოცნების“ შტაბის წინ მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსია.
ჯერჯერობით უცნობია, დაპირისპირების მიზეზი. თვითმხილველების ინფორმაციით, დაპირისპირებაში სამი პირი მონაწილეობდა, რომლებსაც სიტყვიერი დაპირისპირება ჰქონდათ ერთმანეთში.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
უწყების ცნობითვე, დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია და მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.