ზუგდიდში საარჩევნო უბანთან სროლისთვის 2 ახალგაზრდა დააკავეს

დღეს საღამოს ზუგდიდში ორი ახალგაზრდა დააკავეს, რომლებმაც  ე.წ. ფაიფურის დასახლებაში 87–ე საარჩევნო უბანთან ისროლეს. 

სავარაუდოდ ერთ-ერთი პირი, ირაკლი ჩანგელია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედი წევრის, ლელა ლაშხიას შვილია.

გასროლა იმ დროს მოხდა, როცა გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელი, ზოია ქვარცხავა მანქანიდან გადმოვიდა და საარჩევნო უბანზე შესვლას გეგმავდა. მისი ყურადღება შეიარაღებულმა მამაკაცმა მიიქცია, რომელიც უბნის შესასვლელთან მოძრაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით დაკავებულები არიან: 1999 წელს დაბადებული ი.ჩ. და 2000 წელს დაბადებული ბ.გ.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებმა ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით.