ზუგდიდში საპროტესტო აქციის მონაწილე დააკავეს

ზუგდიდში, აქციაზე, რომელსაც დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები მართავდნენ, ერთი პირი გზის გადაკეტვის მცდელობისას დააკავეს.  შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, როდესაც ბესიკ დგებუაძის ადვოკატი და ოჯახის ახლობელი სამხარეო პოლიციის შენობაში შეხვედრაზე შეიყვანეს. მათ შეხვედრა უკმაყოფილოებმა დატოვეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებს მთავარი გზის გადაკეტვა სურდათ, თუმცა მათ სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. სწორედ ამ დროს დააკავეს ერთი პირი. რამდენიმე წუთის განმავლობაში, პარალიზებული იყო ზუგდიდის მთავარი მაგისტრალი.

აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის სამმართველოს შენობისკენ, სადაც აქციაზე დაკავებული პირია გადაყვანილი მსვლელობა გამართეს.

აქციის მონაწილეები დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ. დგებუაძის ოჯახის წევრები, გუშინ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ და ამბობენ, რომ დგებუაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება უნდა დატოვოს.

დღის პირველ ნახევარში სამხარეო პოლიციის შენობის წინ ხმაური იყო. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაც მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ აქციის მონაწილე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. მას ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება.