ზუგდიდში წინასაარჩევნოდ ჩაწერილი მოქალაქეები და გაყალბების სავარაუდო სქემა

არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე სხვადასხვა ქალაქებში და რაიონებში მცხოვრები მოქალაქეების  ზუგდიდში ჩაწერა  მოხდა.  სავარაუდოდ ზუგდიდის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. შაბათის „კურიერის“ მიერ მოძიებული 30-მდე მოქალაქიდან უმეტესობამ საცხოვრებელი ოფიციალურად არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ერთსა და იმავე დღეს – 3 მაისს შეიცვალა.

მისამართების გადამოწმების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მოქალაქე ერთდროულად ზუგდიდში ერთსა და იმავე მისამართზე გადაეწერა. მაგალითად, ლაზის ქუჩის 41 ნომერში 3 მაისს 6 ადამიანი ჩაწერეს. „კურიერის“ გადამღები ჯგუფი გადასამოწმებლად ამ მისამართზე მივიდა. აღმოჩნდა, რომ ლაზის 41 ნომერში სახლს სამეგრელოს გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ქირაობს, რომელსაც კამერის გამოჩენა არ ესიამოვნა.

ცოტა ხანში გუბერნატორი სახლის შესასვლელთან დაბრუნდა და „კურიერს“ უთხრა, რომ ლაზის ქუჩის 41 ნომერში მდებარე სახლი რამდენიმე თვის წინ იქირავა. დაადასტურა ისიც, რომ კიდევ 6 ადამიანი ამავე მისამართზე ნამდვილად მიწერილია. ამტკიცებს, რომ სახლი დიდია და ყველა ეტევა.

სახლი, სადაც გუბერნატორი ქირით ცხოვრობს და არჩევნების წინ მოქალაქეები დაარეგისტრირეს, ზუგდიდი დასუფთავების სამსახურის მთავარ ბუღალტერს მაგული მესხიას ეკუთვნის. სახლის მეპატრონემ განაცხადა, რომ 6-ვე გადმოწერილი პირი მისი ნათესავია და ოფიციალური მისამართი პრესტიჟის გამო შეიცვალეს.

სამეგრელოს გუბერნატორის მიერ ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში გადმოწერილი მოქალაქეები აქამდე წალენჯიხის ამომრჩევლად ითვლებოდნენ. ამიტომ „კურიერმა“ მისამართშეცვლილი ადამიანების გადამოწმება წალენჯიხაშიც სცადა. მათი თქმით, ისინი წალენჯიხაში ცხოვრობენ, მისამართი არ შეუცვლიათ და არ იციან, რატომ არიან მათი ოჯახის წევრები ჩაწერილები ზუგდიდში ლაზის 41-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში.

წალენჯიხის გარდა, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ზუგდიდში სხვადასხვა მისამართზე ამომრჩევლები სვანეთიდან, ხობიდან, მარნეულიდან და თბილისიდანაც გადაწერეს. „კურიერმა“ მისამართები კარდაკარ გადაამოწმა. ბინების დაკეტილი იყო. ვაზისუბნის დასახლებაში თამარ ზარქუას ნათესავმა დაადასტურა, რომ ზარქუა საჯარო მოხელეა და ზუგდიდში ნამდვილად გადაეწერა.

მისამართშეცვლილი ადამიანების შესახებ მასალები შეაგროვა გაერთიანებულმა ოპოზიციამაც. ოპოზიციის ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ, მმართველმა გუნდმა ათობით ადამიანი გალიდან ზუგდიდში სხვადასხვა მისამართზე გადაწერა.

ცესკოს მონაცემებით, ზუგდიდის მერის არჩევნებში მონაწილეობა ხვალ 120 837 ადგილობრივს შეუძლია.