ზუკა ბერძენიშვილმა შალვა თადუმაძეს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართა

მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში” წარმომადგენელმა, ზუკა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ერთ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ემზარ კვიციანმა სამოქალაქო აქტივისტებზე ფიზიკურად იძალადა, თუმცა ამ დრომდე მას დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული არ აქვს.

ბერძენიშვილმა საქართველოს გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით მიმართა.

“დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მაქვს მონიჭებული, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, თუმცა ცხადია გვესმის, რომ ამ გზით სავარაუდოდ, გვიზღუდავენ იმ უფლებებს, რომელიც დაზარალებულს ენიჭება, მაგალითად იმას, რომ გვქონდეს საქმეში არსებულ მასალებზე წვდომა. დღეს შევიტანეთ განცხადება, სადაც დასაბუთებულია ის ფაქტი, რომ უნდა მქონდეს დაზარალებულის სტატუსი ამ საქმეში და ხაზგასმულია ის გარემოებაც, რომ სტატუსის არმონიჭების ამბავი არის სრულიად დაუსაბუთებელი. მე უშუალოდ კვიციანისგან დავზარალდი, მისგან პოლიციელებიც დაზარალდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავებისთვის არ არის კომფორტული, რომ მათ თვალწინ ხდებოდეს კანონდარღვევა და ისინი არა კანონის მიხედვით მოქმედებდნენ, არამედ ელოდნენ, რას ეტყვის უფროსის უფროსი, რომ ვინმეს პოლიტიკურ ზედა ეშელონებში რამე არ ეწყინოს. ამ საქმეს აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რადგან დეპუტატის მანდატის და ივანიშვილის კეთილგანწყობის ქვეშ მყოფი ემზარ კვიციანი იქცევა ისე, რომ მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. ხელისუფლებას არ აქვს კარგი გამოსავალი, ისინი თვითონ იგდებენ თავს ამ მდგომარეობაში. მათთვის ცუდი და საზოგადოებისთვის კარგი იქნებოდა ის, რომ ემზარ კვიციანი გასამართლდეს. მათთვის ეს იქნება ძალიან ცუდი, რადგან მონებს აქვთ შიში, რომ მათი ერთგულება ბოლომდე არ ფასდება და რაღაც მომენტში ის შეიძლება გაწიროს პატრონმა. მეორე მხრივ, არის ის ვარიანტი, რომ ეს საქმე გაიწელება უსასრულოდ და ამ შემთხვევაში კიდევ უარესი ხელისუფლებისთვის იმიტომ, რომ ჩვენ ამ საქმეს ყველანაირად გამოვიყენებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთი კუთხით ვნახოთ, თუ როგორი დამპალია სისტემა, რომელიც ჩვენ უნდა გვიცავდეს”, – განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს, პარლამენტის შენობასთან პარლამენტის წევრ ემზარ კვიციანსა და მოძრაობა ” სირცხვილიას” წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. ემზარ კვიციანს აქციის მონაწილეებმა “რუსეთის მონა” უწოდეს, დაპირისპირების დროს ემზარ კვიციანმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.