ზურა ჯაფარიძე ტაქსაობისთვის 200 ლარით დააჯარიმეს. ინფორმაციას ამის შესახებ “გირჩი” ავრცელებს.
“მას შემდეგ, რაც თბილისის ქუჩებში ფერადი ტაქსით გადაადგილება აიკრძალა და ეს უფლება მხოლოდ თეთრი ტაქსების მძღოლებს დარჩათ, ზურა ჯაფარიძემ რეგულაციის დარღვევა საკუთარი შავი ავტომობილით გადაწყვიტა.
დედაქალაქის ქუჩებში დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში სიარულისა და ერთი მგზავრის გადაყვანის შემდეგ, ჯაფარიძე ლიცენზიისა და თეთრი ავტომობილის არქონის გამო, საპატრულო პოლიციამ 200 ლარით დააჯარიმა.
“დღეიდან შევიდა ძალაში მერიის მიერ დაწესებული ახალი რეგულაცია და ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ გავლილი რეგისტრაცია მერიაში, არ აქვთ ლიცენზია და არ ჰყავთ თეთრი მანქანა, აეკრძალათ ტაქსაობა.
ჩემი აზრით, ეს რეგულაცია არის იდიოტობა იმიტომ რომ არღვევს ადამიანების საკუთრების უფლებას. სახელმწიფოს არ ესაქმება არაფერი იმაში, ადამიანი თეთრი მანქანით იტაქსავებს თუ შავით, ტრაფარეტი ეყენება თუ არა და ა.შ.
ჩემი აზრით, ეს არის სერიოზული მავნებლობა და მე გადავწყვიტე, ეს რეგულაცია სპეციალურად დამერღვია. დღეს დილით ვიყიდე ტრაფარეტი, ჩემს შავ მანქანაზე დავიდგი და თბილისის ქუჩებში დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში დავდიოდი.
საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დასრულდა იმით რომ გამაჩერა პატრულმა, რომელმაც შემდეგ სხვა ეკიპაჟს დაუძახა და მიუხედავას იმისა რომ ამ პოლიციელებისგან აზრის გაგება მინდოდა, ისინი იქცეოდნენ ჩვეულებრივი რობოტებივით და გამომიწერეს ორასლარიანი ჯარიმა.
საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ასე არ დამთავრდება – მოფიქრებული მაქვს კონკრეტული გზა როგორ შეიძლება “გავღუნოთ” ეს რეგულაცია – კალაძე ამ ომს ვერ მოიგებს” – განაცხადა ჯაფარიძემ გირჩი-ნიუსთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან, თბილისში თეთრის გარდა, ყველა სხვა ფერის ტაქსის გადაადგილება იკრძალება. შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა გასული წლის სექტემბერში მიიღო და თბილისის სილამაზის შესანარჩუნებლად ქალაქში მხოლოდ თეთრი ტაქსების მოძრაობა დაუშვა.
ასევე, პირველი ოქტომბრიდან, ტაქსის სერვისის განხორციელებას ვეღარ შეძლებენ ვერც სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელები.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გარდა თეთრი ავტომობილისა, ტაქსის მძღოლებს სამუშაოდ ლიცენზიებიც უნდა აეღოთ – ცნობილია, რომ ტაქსის სერვისის განსახორციელებლად დედაქალაქში სულ 22 563 ნებართვა გაიცა” – აღნიშნულია “გირჩის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.