გეგა გეგეშიძეს, რომელმაც სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილზე ფიზიკურად იძალადა, განრიდება გაუფორმდა. მხარეების მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ საქმე პროკურატურას დაუბრუნა, რომელმაც განრიდება უნდა უზრუნველყოს.
პროკურორისა და ადვოკატის თქმით, ეს დაზარალებული დათუნაშვილის მოთხოვნაა.
“პროკურატურამ უკან გაითხოვა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე იმიტომ, რომ , ფაქტობრივად, მხარეები, დათუნაშვილი და გეგეშიძე მორიგდნენ, შერიგდნენ, მათ შორის კონფლიქტი აღარ არსებობს. ფაქტობრივად, დაინტერესებული მხარე ამ კონფლიქტით აღარ არსებობს და მხარეთა შერიგების გამო ეს შუამდგომლობა დადგა”, – ამბობს გეგეშიძის ადვოკატი, მარინა ცუცქირიძე.
პროკურორი, გრიგოლ აბაშიძე განმარტავს, რომ სასამართლომ აღნიშნული განჩინება იმიტომ გასცა, რომ მხარეების შუამდგომლობა დასაბუთებული იყო.
“დაზარალებულმა მოითხოვა, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებულიყო სისხლის სამართლის დევნის ალტერნატიული მექანიზმი – განრიდება. მხარეებმა სასამართლოს მივმართეთ შუამდგომლობით ბრალდებულის სისხლის სამართლის საქმის პროკურატურისათვის დაბრუნების თაობაზე. სასამართლომ, ვინაიდან, შუამდგომლობა იყო დასაბუთებული, გასცა განჩინება და პროკურატურას დაუბრუნდა საქმე იმისათვის, რომ მომავალში ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნეს განრიდება”, – ამბობს პროკურორი.
საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსმენა 26 დეკემბერს გაიმართა.
საქმე ეხება სპორტის სასახლეში 2019 წლის 11 იანვარს გეგა გეგეშიძის მიერ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილზე ძალადობას.