ევროპის ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ზურაბ დათუნაშვილი მიიჩნევს, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის საუბარი შერიგებაზე, მხოლოდ მისი თანამდებობის შენარჩუნების მიზნით ხდება. ამის შესახებ დათუნაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ვითხოვ, რომ მოძალადე ადამიანი დაისაჯოს. ამ ადამიანს შერიგება არ უნდა, მას უბრალოდ ჩემი გაჩუმება სურს და თავისი სკამის შენარჩუნება. ფედერაციის პრეზიდენტის სინანული ფორმალობაა, ამის მერე არაფერი შეიცვლება. აქამდეც, ზაფხულშიც მქონდა პრობლემა, დაველაპარაკე ამ ხალხს და არაფერი შეცვლილა. შიგნით ისეთი რაღაცები ხდება, რომ ამას ვერავინ გააკონტროლებს. პიროვნულად მართლა შერიგება რომ სდომოდა, თავიდანვე იტყოდა. ხელი არ მომიქნევიაო, მაგრამ ახლა აღიარებს და ვნახოთ, შეიძლება ისიც აღიაროს, რომ ხელში რკინა ეჭირა და ის ჩამარტყა”, თქვა დათუნაშვილმა.
ქართველი მოჭიდავე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ გაუგებარია, პრეზიდიუმმა მისთვის დისკვალიფიკაციის მინიჭებაზე, რატომ უნდა იმსჯელოს მაშინ, როცა ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან დაპირისპირების შედეგად დაზარალებული თავად არის.
დათუნაშვილის თქმით, პრეზიდიუმის შემადგენლობაში ის პირები არიან, რომლებიც გეგეშიძის ინტერესებს იცავენ და ფიზიკური დაპირისპირების დროს დათუნაშვილი წინააღმდეგ წავიდნენ.
მისივე თქმით, პრეზიდიუმის წევრები ცდილობენ შექმნან განწყობა, თითქოს შერიგება და პრობლემის მოგვარება დათუნაშვილს არ სურს.
სპორტსმენის განცხადებით, ფედერაციის პრეზიდენტ გეგეშიძესთან შერიგება იმ პრობლემებზე გაჩუმებას ნიშნავს, რომლებიც ჭიდაობის ფედერაციაში დღეს არსებობს.
“პრეზიდიუმს არ ვენდობი, ისე გამოჰყავთ საქმე, თითქოს შერიგება უნდათ და ზურაა წინააღმდეგი. მე თუ შევურიგდები გეგას, მას უბრალოდ ფულადი თანხით დააჯარიმებენ, რასაც მოჭიდავეების ფულით გადაიხდის. ამ ადამიანს შერიგება არ უნდა, მას უნდა რომ მე გავჩუმდე და მან სკამი შეინარჩუნოს. ამ მიზნით, შესაძლოა ისიც აღიაროს, რომ რკინა ეჭირა ხელში და ის ჩამარტყა, თავიდან ხელის მოქნევასაც არ აღიარებდა. პრეზიდიუმის სხდომა რომ ჩაინიშნება, გავერკვევი ვინ იქნებიან მის შემადგენლობაში და იმის მიხედვით გადავწყვეტ დავესწრები თუ არა პრეზიდიუმის სხდომას. მე ვაპროტესტებდი, გადავედი ლეიბიდან და თავში ჩამარტყეს რაღაც, კიდევ მე უნდა მივიღო დისკვალიფიკაცია?”, აცხადებს ზურაბ დათუნაშვილი.
ქართველი მოჭიდავე ამბობს, რომ მისთვის მარტივი გადაწყვეტილება არ არის ქვეყნიდან წასვლა, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გამოსავალს ვერ ხედავს.
“ჩემთვის არ არის მარტივი ავდგე და წავიდე. მაშინ ფედერაციამ უნდა შემიქმნას პირობები, რომ ჩემი მაქსიმუმი დავხარჯო. აქამდეც მქონდა პრობლემები, დაველაპარაკე ამ ხალხს, მაგრამ არაფერი შეცვლილა. შარშან ზაფხულში მქონდა იგივე პრობლემა. ვიბლოკებოდი. სამი საერთაშორისო ტურნირიდან, არც ერთგან წასვლის უფლება არ მომცეს. 2013 წლის შემდეგ საქართველოს არც ერთი ჩემპიონატი არ წამიგია, მხოლოდ ერთხელ წავაგე, ისიც ჩემს ძმასთან”, აცხადებს ზურაბ დათუნაშვილი.














