ზურაბ ჯაფარიძე შსს-ს ,,შმაქსის” ახალ ლოგოს სთავაზობს (ვიდეო)

ზურაბ ჯაფარიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ,,შმაქსის” ახალი ლოგო შესთავაზა.

,,9 ნოემბერს თბილისის საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომ ნებისმიერი ნიშანი, რომელიც მანქანაზე შეიძლება იდგას და ვიღაცის მიერ შეიძლება აღქმული იყოს ტაქსის ნიშნად, ექვემდებარება დაჯარიმებას,”- ამბობს ჯაფარიძე.

მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზით, შმაქსის მძღოლები ჯარიმდებიან 200 ლარით და ისინი ვეღარ ახერხებენ მუშაობას, ამიტომ შსს-ს სთავაზობს ახალ ლოგოს, რომელიც ტაქსის ნიშნად ვერ იქნება აღქმული. ,,ჩვენ დავამზადეთ ახალი ლოგო, განათლების ნიშანი – ქუდი, რომელსაც უნივერსიტეტდამთავრებულები იხურავენ თავზე”, – აღნიშნავს კომპანია ,,შმაქსის” მფლობელი.

იმ შემთხვევაში თუ შსს-ს ,,ქუდის” ლოგო არ მოეწონება, ზურაბ ჯაფარიძეს რამდენიმე ალტერნატივაც აქვს. ,,თუ იტყვიან, რომ ეს ლოგოც არის მიუღებელი, მაშინ ვთავაზობთ სხვა ვერსიებს. მაგალითად, გაპუტული ნაძვის ხე, ირაკლი ღარიბაშვილის ფოტო, კარი და ორი გოლი, კალაძის შუა თითი და ა.შ. შეგვიძლია გავანათოთ და დავაყენოთ მანქანებზე”, – ამბობს ჯაფარიძე.

ის შსს-ს მოუწოდებს, თუ არცერთი ჩამოთვლილი ვერსია არ მოეწონებათ, თავად დახატონ ნებისმიერი ლოგო და მას ,,შმაქსი” საკუთარ ნიშნად გამოიყენებს.

შეგახსენებთ, რომ პარტია ,,გირჩმა” კომპანია ,,შმაქსი” მაშინ შექმნა, როცა თბილისის მერიამ ტაქსის ახალი რეგულაციები შემოიღო. კომპანიამ უმუშევრად დარჩენილ მძღოლებს ,,შმაქსაობა” შესთავაზა.