ზურაბიშვილი: პრაქტიკულად, NATO-ს კართან ვართ

{{ARTICLEIMAGE}}
ალბათ ჯერ არ მივიღებთ MAP-ს (NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას), მაგრამ ამის მოთხოვნა ჩვენი მხრიდან უნდა იყოს მუდმივი, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც ბრიუსელში მისი პირველი სამუშაო ვიზიტი შეაჯამა. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებული კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველომ მეტი NATO- და მეტი უსაფრთხოება უნდა მიიღოს.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველო ყველაზე მეტად არის მომზადებული NATO-ში გასაწევრიანებლად და ქვეყანა დგას NATO-ს კართან, რომელიც ღია უნდა იყოს. 

“NATO–ს მხრიდან იყო არანაკლებად, და შეიძლება ითქვას – უფრო მეტად, პოზიტიური მიღება, რადგან საქართველო არის ის პირველი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად არის მზად გაწევრიანებისთვის სამხედრო კუთხით. ყველა იმ პარამეტრით, რაც მოთხოვნილია გაწევრიანებისთვის, ჩვენ, პრაქტიკულად, ვართ NATO-ს კარებთან, რომელიც უნდა იყოს ღია. თუმცა აქაც რეალიზმია საჭირო – ჯერჯერობით პოლიტიკური მოცემულობა ისეთია, რომ დღეს, ალბათ, ჯერ არ მივიღებთ MAP-ს, მაგრამ ამის მოთხოვნა ჩვენი მხრიდან უნდა იყოს მუდმივი და არის… იმ დროს, როცა ჩვენ ველოდებით, არ შეიძლება, რომ ეს მოლოდინი იყოს ადგილის ტკეპნა. ჩვენ გვჭირდება მეტი NATO, მეტი უსაფრთხოება, მეტი თანამშრომლობა და ამ კუთხითაც არის მათი მხრიდან მზაობა”,განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.