საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის შემდეგ გერმანიას ეწვია. ქვეყნის ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ზურაბიშვილმა გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს შეხვდა. ბელვიუს სასახლეში გამართულ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი განიხილა. მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზეც ისაუბრეს. აღინიშნა გერმანიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, მისი ვიზიტის შემდეგ, ახალ ეტაპზე გადავა.
“მადლობა გულთბილი მიღებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპის გულში გვყავდეს ისეთი მეგობარი, როგორიც გერმანიაა. გერმანია და საფრანგეთი არიან ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ხელს შეუწყობენ იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა მალე გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი”, თქვა სალომე ზურაბიშვილმა ბელვიუს სასახლეში შეხვედრისას.
“საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის მეგობრობა. მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს არაღიარების პოლიტიკას, რომელშიც, ასევე, მონაწილეობს გერმანია, როგორც ჩვენი მეგობარი სახელმწიფო და ვიმედოვნოთ, რომ შესაძლებელი გახდება ახალ და უფრო მაღალ პოლიტიკურ ფორმატში ამ საკითხების დაძვრა.
ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ვცდილობთ კავშირის განახლებას და გაძლიერებას, რათა გაყინული სიტუაცია სხვა მდგომარეობაში გადავიყვანოთ. ამის გარდა, რუსეთთან ურთიერთობაში გერმანიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია”, აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
გერმანიასთან ორმხრივი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე საუბრისას კი პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს გერმანიის მხარდაჭერის იმედი აქვს.
“თქვენ ახსენეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ქართული კულტურის წარმოჩენა შუაგულ ევროპაში, სადაც უცებ აღმოაჩინეს, რომ თურმე, საქართველო იყო ევროპული ქვეყანა. ჩვენი მიზანია, საქართველოს შესვლა ევროპის კულტურაში ხვალინდელი დღიდან იყოს არა მხოლოდ ერთჯერადი, არამედ გახდეს უფრო ხანგრძლივი და მთელმა ევროპამ დაინახოს, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა, ეკუთვნის ევროპულ ოჯახს და ჩვენი სვლა ევროპაში, სწორედ ამ გზით უნდა განვითარდეს, რაშიც გერმანიის ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომელიც დღეს უფრო გაძლიერდა. იმედი გვაქვს, გერმანია დაგვეხმარება, რომ შევიდეთ ევროპაში მართლაც ყველა იმ გზით, რომელიც დღეს შესაძლებელია და იმ დღემდე, ვიდრე საქართველო ევროკავშირში პოლიტიკურად და სამართლებრივად შევა. ეს გზები არის კულტურა, განათლება და ძალიან ბევრი სხვა პროგრამა, რომელზეც ვისაუბრეთ – ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ასოცირების ხელშეკრულების კიდევ ერთი ნაბიჯით გაძლიერება და განმტკიცება”, თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.