ზურაბიშვილი რუსეთისგან მტრული დამოკიდებულების შეცვლას ელის

{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთისგან მტრული დამოკიდებულების შეცვლას ელის. ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, როდესაც ჟურნალისტებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებაზე დაუსვეს შეკითხვა.

“ჯერ ერთი, მე მგონი კარასინი არ უნდა იყოს პოლიტიკური პირი, რომელიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. მეორე, მე, როგორც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ველოდები, რომ შეიცვალოს რუსეთისგან მტრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ”, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, როგორია მისი პოზიცია კარასინის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც NATO-ს წვრთნებზეა საუბარი, ზურაბიშვილმა თქვა, რომ ის ვალდებული არ არის, გრიგორი კარასინის ყველა განცხადებას უპასუხოს.

“მე არ მაქვს არანაირი ვალდებულება, რომ კარასინის ყველა სიტყვას ვუპასუხო. გიპასუხეთ, რომ ის არ არის პოლიტიკური პირი. მაგრამ, ამავდროულად ჩვენ ველოდებით, რომ დადებითად შეიცვალოს რუსეთის დამოკიდებულება ყველა იმ საკითხის მიმართ, რომელიც ჩვენ გვაღელვებს”, განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც ცნობილია, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ “საქართველოს მტრული რიტორიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ შეცვლილა”.