ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დამსწრე უცხოელ სტუმართა შორის 1 მოქმედი და 1 ყოფილი პრეზიდენტია

{{ARTICLEIMAGE}}

ცნობილია იმ უცხოელ სტუმართა სია, რომლის მიხედვითაც საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და სომხეთის პრეზიდენტიც დაესწრებიან.

განცხადება ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ გააკეთა.


“დღევანდელი მონაცემებით, ინაუგურაციის ცერემონაის დაესწრება სომხეთის პრეზიდენტი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი, თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სპიკერი, სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი, ლიეტუვას სეიმის სპიკერი, პოლონეთის სენატის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი, მოლდოვას ვიცე-პრემიერი, თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი, გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილებების და გარემოს დაცვის მინისტრი, ბელარუსის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, სუამის გენერალური მდივანი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამერიკიდან სტუმარ გვეყოლება USAID-ის წარმომადგენელი და ასევე წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი. საქართველო მადლობას უხდის ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს სტუმრობისთვის”, განაცხადა თოთლაძემ.
როგორც ცნობილია, ინაგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება. ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ, ძალაში შევა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რის გამოც სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები და მისი შედეგები წელს გამორჩეული იყო. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს – პირველი ის გახლავთ, რომ ქვეყნის პირველი პირი მოქალაქეებმა ბოლოჯერ აირჩიეს, მეორე – არჩევნებში გამარჯვებული თანამდებობას არა ხუთი წლით – როგორც აქამდე იყო, არამედ 6 წლით დაიკავებს. მესამე – ის ფიცის დადების დროს ბოლოჯერ წარმოთქვამს “საპროგრამო სიტყვას” – ამიერიდან საინაუგურაციო გამოსვლას “ხალხისადმი მიმართვა” ერქმევა. ახალ რეალობაში პრეზიდენტს აღარ ექნება პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლება. მისი სტატუსი კონსტიტუციის მიხედვით, სამი ტიტულისგან შედგება: 1. სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. 2. თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. 3. საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენელი – ეს ტრიადა კონკრეტული უფლებამოსილებების მეშვეობით მომდევნო დებულებებში ისხამს ხორცს  და საბოლოოდ გამოკვეთს ქვეყნის პირველი პირის ინსტიტუციურ როლს კონსტიტუციურ სისტემაში.