ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ჟურნალისტებს მასპინძლობს

{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცოტა ხნის წინ ათონელის რეზიდენციაში მივიდა. ამ წუთებში მედიის წარმომადგენლები ახალ პრეზიდენტთან შესახვედრად და სასახლის დასათვალიერებლად ემზადებიან, თუმცა როგორც რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, სალომე ზურაბიშვილთან კითხვების დასმის საშუალება არ ექნებათ.  

ზურაბიშვილის დღევანდელი გეგმების შესახებ, რომელიც სასახლის დათვალიერებას ითვალისწინებს, გუშინ გახდა ცნიბილი, როდესაც ახალი პრეზიდენტის გუნდის წევრმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს შეატყობინა, რომ დღეს სწორედ მედიის წარმომადგენლებს მიიღებდა რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილი.

როგორც ცნობილია, ახალი პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში შესვლაზე უარს ამბობს და ათონელზე სარემონტო სამუშაოების დასრულებას ელის. საპრეზიდენტო ფლიგელი ჯერ არ არის დასრულებული და სავარაუდოდ, ახალი პრეზიდენტი ადმინისტრაციულ ფლიგელში დღეს დაიწყებს მუშაობას.

რაც შეეხება ავლაბრის რეზიდენციას თავად ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ აგვისტოში განაცხადა, რომ დღეს არსებული პრეზიდენტის სასახლე, რომლის აშენებაშიც “ამერიკელებმა დიდი ფული დახარჯეს”, ისევ სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა დარჩეს.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე განცხადა, რომ ავლაბრის რეზიდენციაში უნდა შევიდეს პრემიერ-მინისტრი, ან საგარეო საქმეთა სამინისტრო, ან კიდევ ამ სასახლეს დიპლომატიური ფუნქცია უნდა მიენიჭოს და გახდეს ადგილი, სადაც მაღალი რანგის სტუმრებს მიიღებენ.

“ორბელიანის სასახლე ძალიან მომწონს და ის ახალი პრეზიდენტის ფუნქციების შესატყვისია, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “ქრონიკის” ეთერში. “მე მინდა, ვიყო სხვა ტიპის პრეზიდენტი, რაც ამ ქვეყანას არ ჰყოლია. მე ჩემს სახლში ვიცხოვრებ. ამ სახლიდან ფეხით ვივლი, როგორც დავდივარ დღეს. ჩემი საყიდელი ბაზარში მე უნდა ვიყიდო და შევხვდე ხალხს”, აცხადებდა ზურაბიშვილი.

აღსანიშნავია, რომ რეზიდენციის თემა შესული იყო სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამაშიც. ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციას ინტენსიური კავშირი უნდა ჰქონდეს მოქალაქეებთან, დაცული უნდა იყოს გენდერული ბალანსი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ჰქონდეთ წარმომადგენლობა ადმინისტრაციაში”.

რაც შეეხება მთავრობის ამჟამინდელ პოზიციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებდა, რომ “სახელმწიფოს და მისი შტოების შენახვა გადასახადის გადამხდელებს ძვირი არ უნდა უჯდებოდეს”.

“მე მაქვს პრინციპული პოზიცია, თუ რა უნდა უჯდებოდეთ სახელმწიფოს და მისი შტოების შენახვა გადასახადის გადამხდელებს”, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ზაფხულში ჟურნალისტების შეკითხვას, გადაინაცვლებდა თუ არა ახალი პრეზიდენტი ავლაბრიდან ათონელის სასახლეში.

ცნობისათვის, “ქართული ოცნების” საარჩევნო დაპირების მიხედვით, ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა გადასულიყო, თუმცა 2013 წლის არჩევნების დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს ადმინისტრაციის ავლაბრიდან გადატანას. როგორც ცნობილია, ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანის სასახლის რეაბილიტაციაზე 26 მილიონი ლარი დაიხარჯა. რამდენჯერმე დაიგეგმა ათონელის სასახლის პრივატიზაცია, თუმცა შენობა არ გაიყიდა. საბოლოოდ, ის საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოიღეს და წლების განმავლობაში უფუნქციოა.