კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთზე მომხდარ ზვავზე, რომელის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, 1 კი გარდაიცვალა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი რუსეთის მოქალაქეა, ხოლო დაშავებული – საქართველოს. მესამე ადამიანს, რომელიც მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს, სომხეთის მოქალაქეობა აქვს.
,,ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, თოვლის მასის ჩამოწოლის შედეგად ჩავარდნილ სატრანსპორტო საშუალებაში 3 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ერთი ქალი, რუსეთის მოქალაქე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ხევიდან ამოყვანილია ორი ადამიანი, რომელთაგან ერთს, საქართველოს მოქალაქეს აღენიშნება მოტეხილობა, ხოლო მეორე, სომხეთის მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოყვანილია უვნებლად. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფები”,- აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
შემთხვევა დღეს, საღამოს საათებში მოხდა.