“ზვიად გამსახურდია არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ ძალას”- ცოტნე გამსახურდია დედამისს დაუპირისპირდა

“ზვიად გამსახურდია არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ ძალას”- წერს  პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია. გამსახურდია  გმობს პირველი პრეზიდენტის სახელის პოლიტიკური  მიზნებისთვის გამოყენებას.

“ვფიცავ ყველაფერს ცასა თუ მიწაზე, არ მინდოდა ამ საკითხებზე საუბარი. ზვიად გამსახურდია არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ ძალას ან პარტიას, ისევე როგორც არ ეკუთვნის რომელიმე ჯგუფს ან თუნდაც საკუთარ ოჯახს. მის სახელს არ ეგების პოლიტიკურ ბრძოლაში ინსტრუმენტად ან პოლიტიკური თუ მატერიალური კაპიტალის მოსახვეჭად გამოყენება ამ ქვეყანაში. მას ამისგან მისი საქმეები და საქართველოს ისტორია იცავს, და მე, ამ სიტყვების ავტორი, სანამ შემეძლება და როგორც შემეძლება, ამის წინააღმდეგ ყველაფერს გავაკეთებ.

არ მინდოდა-მეთქი ამ თემაზე საუბარი, ამ დღეებში ზუგდიდში სუსის მიერ ორგანიზებული მოვლენები რომ არ ყოფილიყო. ჯერ ჯიხაშკარში, უშიშროების სტაჟიანი აგენტის, ვინმე ვახო ზარანდიას მიერ ოპოზიციური კანდიდატის, სანდრა რულოვსის წინააღმდეგ სცადეს რაღაც კომიკური, სამარცხვინო კამპანიის აგორება. მინდა იცოდეთ, ხსენებული ვახო ზარანდია ფიგურირებს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეში, ფაქტობრივად, როგორც უშიშროების ინფორმატორი, რომელიც თვალის ასახვევად დაკავებული ჰყავდათ და მალევე გაათავისუფლეს გარკვეული ქმედების სანაცვლოდ 1993 წელს. იგივე ვახო ზარანდია სწორედ იგივე სიტუაციაში ფიგურირებს უკვე 1998 წელს, და მას მსგავსი მანერით იყენებენ გოჩა ესებუას წინააღმდეგ შევარდნაძეზე თავდასხმის შემდეგ, ისევ აკავებენ და რამდენიმე დღეში ათავისუფლებენ ზუსტად ისე, როგორც ზვიად გამსახურდიას დევნის ოპერაციის დროს.

შემდგომ უკვე ზუგდიდში, გუშინ ოპოზიციის მერობის კანდიდატის წინააღმდეგ “ზვიადისტებთან” ერთად ერთვება სუსის კიდევ ერთი მოქმედი პირი, ვინმე გია მხეიძე, რომელიც ასევე მონაწილეობს ზვიად გამსახურდიას დევნისა და მკვლელობის საქმეში, როგორც იმჟამინდელი უშიშროების თანამშრომელი და რომლის მიმართ პროკურატურას წესით მრავალი კითხვა და ბრალდება უნდა ჰქონდეს. სხვათა შორის, ეს გია მხეიძე ჯერ კიდევ 2016 წელს ქართული ოცნების აქტივისტია ზუგდიდში და დაკავებულიც იყო ოპოზიციის დარბევისათვის, თუმც მოკლე ხანში გაათავისუფლეს.

ახლა რაც შეეხება თავად სანდრა რულოვსს. მის წინააღმდეგ ზუგდიდის არჩევნებში იხსენებენ მის მიერ 20 წლის უკან დაწერილ არაადეკვატურ პასაჟს ზვიად გამსახურდიას შესახებ. იგი რამდენიმეჯერ დამიკავშირდა ამ ფრაზასა და მის ზვიად გამსახურდიასადმი დამოკიდებულებასთან დაკავშირებით და დიდი წუხილი თუ არაერთი ბოდიში მომისმენია მისგან ამ სიტყვების გამო. მიუხედავად ამისა, მე მასთან ძალიან დისტანციური და ოფიციალური დამოკიდებულება მაქვს და არასდროს მიხსენებია მისი ამ ნაბიჯების შესახებ, რადგან, როგორც ვთქვი ზემოთ, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ პოლიტიკურ პერიპეტიებში ზვიად გამსახურდიას სახელის გამოყენებისა ვინმეს სასარგებლოდ. ამიტომ ამ თემაზე არ მისაუბრია სამეგრელოს არჩევნების კონტექსტში, თუმცა, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი პოლიტიკური მოსაზრება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. იმაშიც დარმწუნებული ვარ, რომ ზუგდიდში სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვება იქნება მხოლოდ ბიძინეს კიდევ ერთი მონის გამდიდრების შანსი და ნულოვანი პერსპეტივა ზუგდიდელებისთვის. ამას ხიბულაში კუპიურების ფრიალით და სუსის აგენტების ხავილით ჩვენი დროის სოლომონ ისაკიჩი ვერ შეცვლის. თუმც ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა…

აღარ ჩამოვთვლი გუშინ ამ ტრაგიკომედიაში მონაწილე პირებს, ვინც უნდა იყვნენ ისინი. რეალურმა გულშემატკივრებმა სჯობს ყურადღება გაამახვილონ, როგორ ჯიუტად აფარებს ხელს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის მონაწილეებს ივანიშვილის ხელისუფლება. შეიძლება ითქვას, რომ ის მცირე დათბობა და ძვრები, რასაც ჩვენ პროკურატურაში 14 დღიანი შიმშილობით, ისევ განულებულია და სისტემა კვლავ აგრძელებს ჩვენს მოტყუებას და საქმის ჩაფარცხვის მცდელობებს. ბრძოლა გრძელდება, ბრძოლას ვაგრძელებთ, და პირობას ვაძლევთ წარმავალ ხელისუფლებას, რომ ამ სიბინძურეში ძალიან ძვირის გადახდა მოუწევთ. იმდენად ძვირის, რომ “რასიისკი კრედიტის” ფული არ ეყოფათ!”-წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პირველი პრეზიდენტის ქვრივი მანანა არჩვაძე-გამსახურდია ზუგდიდში ჩავიდა და ზვიად გამსახურდიას მომხრეებს მიმართა. არჩვაძემ საზოგადოებას მოუწოდა ხმა არ მისცენ ზუგდიდის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს.