ზვიად გამსახურდიას შვილი, რომელიც მე-11 დღეა შიმშილობს, კლინიკაში გადაიყვანეს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც ძმასთან ერთად პროკურატურის შენობაში მე-11 დღეა შიმშილობს, ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მას თავბრუსხვევა აღენიშნებოდა, ამიტომ  გამოკვლევები უტარდება.

გამსახურდიების პროტესტის უკიდურესი ფორმის შემდეგ, პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებაზე პარლამენტი კანონს დაჩქარებული წესით მიიღებს.  დეპუტატები საკითხს კენჭს ერთ საათში ბიუროს სხდომაზე უყრიან.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახის ადვოკატი კი გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნას მოითხოვს. ამირან გიგუაშვილი ამბობს, რომ საქმის გამოძიებას ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი უნდა გაუძღვეს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები მეთერთმეტე  დღეა, პროტესტს უკიდურესი ფორმით გამოხატავენ. ისინი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ხანდაზმმულობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით მიესალმებიან, თუმცა ამბობენ რომ გამოძიების დროულად დასრულებაა საჭირო.