ზვიად კუპრავა დაზარალებულად ცნეს

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.

გლდანი-ნაძალადევის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ კუპრავამ განაცხადა, რომ მისი საქმე გადაკვალიფიცირდა და ძარცვა-ძალადობის მუხლით გაგრძელდა. აქამდე გამოძიება მხოლოდ ძალადობის მუხლით მიმდინარეობდა.

„დაზარალებულის სტატუსი მომანიჭეს, დაზარალებულად მცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილოთ, საქმე დამძიმდა, რადგან 126-ე ძალადობის მუხლი გადააკვალიფიცირეს 178-ე ძარცვა-ძალადობის მუხლით. ეს ყველფერი არის ფარატინა ქაღალდი თუ არ დააკავებენ იმ ადამიანებს ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემზე თავდასხმაში”,- ამბობს კუპარავა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ მასზე თავდასხმასთან დაკავშირებით ,,ქართული ოცნების” ლიდერი გია ვოლსკი ინფორმაციას ფლობს, ამიტომ გამოძიებამ ის უნდა გამოკითხოს.

,,რაც შეეხება გია ვოლსკის, გამოკითხვის მუხლში მივუთითე, რომ ის ფლობს გარკვეულ ინფორმაციას ჩემზე თავდასხმასთან დაკავშირებით, რაზეც პოლიციელები და გამომძიებელი დამპირდა, რომ ყველა ის პირი, ვისზეც მე ვიტყვი რომ შეიძლება ფლობდეს ინფორმაციას, გამოიკითხება. ვნახე, რომ მათ აქვთ ვოლსკის გამოკითხვის მზაობა. ახლა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება ე.წ. დამოუკიდებელ პროკურატურას მისცემს თუ არა გია ვოლსკის დაკითხვის შესაძლებლობას“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავას 27 თებერვლის საღამოს ორი პირი თავს დაესხა. მას სახეში ნივთიერება შეასხეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.