ზვიად კუპრავა პრემიერ-მინისტრობას გეგმავდა- ეს განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ „ალიასთან“ ინტერვიუში გააკეთა.
სარალიძის თქმით, ზვიად კუპრავას პოლიტიკური ინტერესები ჰქონდა.
„მოკლედ, გადაწყდა, რომ ოპოზიციის ყველა ლიდერს უნდა შევხვედროდი. შევხვდით. ოპოზიციის ყველა ლიდერი მოვიდა, ყველა პარტია იყო ოპოზიციური, ყველა მოსული იყო, რომ მხარდაჭერა გამოეხატა და უნდა გვესაუბრა, რა ფორმით.
მე კი ვიცი, მე კი ვიტყვი, ვინაა ჩემი შვილის მკვლელების ხელის დამფარებელი და კი ვიტყვი, ვინ უნდა გადადგეს, მაგრამ რატომ უნდა გადადგეს, სამართლებრივად მე ამას ისე კარგად ვერ ჩამოვაყალიბებდი, როგორც ეგენი.
შევთანხმდით, რომ მეორე დღეს ყველანი მოვიდოდნენ აქციაზე და იქ გავაკეთებდით პირველ განცხადებებს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მხარს მიჭერს და მერე დავსხდებოდით და ვისაუბრებდით გეგმებზე.
ადგა კუპრავა და ოპოზიციის ლიდერებს გამოუცხადა, ჩვენი გაერთიანების შემთხვევაში, მე უნდა მაღიაროთ, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერადო. მან იცოდა ჩემი აზრი თანამდებობებზე და ლიდერობაზე, მაგრამ მაინც თქვა. დანაწილებული ჰქონდა თანამდებობები. კუპრავა პრემიერი უნდა გამხდარიყო, მისი მეგობრები მინისტრები. შს მინისტრიც არჩეული ჰყავდა – ვიღაც ჯიმი.
მოვითმინე, ხმა არ გამიღია, ოპოზიციას მიმართა და იმათ გადაეწყვიტათ. კი მივხვდი, რომ ამით კუპრავამ მეც გამომიტანა განაჩენი და თავის თავსაც – მაგრამ, რაღა აზრი ჰქონდა რამის თქმას.
მეორე დღეს 2 საათზე უნდა მოსულიყვნენ. ეს ის დღეა, როცა ვაკის პარკში კონტრაქცია იმართება. მე არ ვუყურებდი ვაკის აქციას კონტრაქციას – მე ვუყურებდი, როგორც აქციას, სადაც სამართალს ითხოვენ და ვისაც არ უნდა მოეთხოვა სამართალი, სულ ერთი იყო, ნაცს, თუ ქოცს, მე ყველა იმ აქციაზე მივიდოდი. მით უფრო, რომ იმ აქციაზე, ვაკის აქციაზე იყო ჩემი ქალიშვილი, ჩემი შვილის ძმაკაცები.
ორი საათია და ოპოზიციის ლიდერები არ ჩანს, ვეკითხები კუპრავას, სად არის ოპოზიცია? დაიბნა, გაწითლდა, ძლივს ამოიბლუკუნა: – ლეიბორისტების ოფისში იკრიბებიან და მერე მოვლენო!
ლეიბორისტების ოფისში იკრიბებიან რა, პურმარილი მაქვს და ერთად უნდა მოვიდნენ? დაპატიჟებული მყავს? რად უნდოდა მაგას ერთად შეკრება და ისე მოსვლა? ჩემთან ვერ შეიკრიბებოდნენ? მაგრამ, სასაუბრო ჰქონდათ, ჩემს გარეშე ჰქონდათ სასაუბრო. ე.ი. მე კი არ ვიყავი მთავარი, ჩემი საქმე კი არ იყო მთავარი, თავისი საქმე ჰქონდათ, თავისი დარდი ჰქონდათ. ავდექი და წავედი ვაკის პარკში.
კი გაგიჟდა კუპრავა, სად მიდიხარო და კიდევ გავიმეორებ, უკვე მომხდარი ჩავლილი იყო კარვის ამბავი და ვიღას ჰქონდა კუპრავას ნდობა! წავედი ვაკის აქციაზე, მივედი, იმ ხალხთან, ვინც მეგონა სიმართლეს ითხოვდა და სამართალს და ახლა ისინი დამესივნენ.
მაინც ვერ გავიგე რას ითხოვდა ეს ხალხი ჩემგან, კონკრეტულად ჩემგან რას ითხოვდა? რა უნდოდათ მე რომ გამეკეთებინა? უნდოდათ, რომ მარტო ვყოფილიყავი? კი, ბატონო, მიაღწიეს, აგერ ვარ, მარტო!
რომ ეთქვათ, შე, ტალახიდან ამოთრეულო, სოფლიდან ჩამოთრეულო გლეხოო – ვეტყოდი, კი, ბატონო, ეგ ვარ, მართალია-თქო, მარა, არ ვარ ეს ნაციონალი და ვერავინ იტყვის, ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს განცხადებას, სადაც მე ნაციონალების მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ ვინმეს! გლეხი ვარ, ჩვეულებრივი გლეხი და გლეხს აქვს ორი სიმდიდრე – მიწა და შვილი. მიწას წაართმევ – შვილი ვერ ეყოლება, შვილს წაართმევ – მიწა რა ჯანდაბად უნდა. გლეხის ამ ორ სიწმინდეს არ უნდა შეეხო. იქ, ვაკის აქციაზე, მართლა ცუდად გავხდი უკვე და სახალხო დამცველმა რომ შემომთავაზა, მოდი, სახლში წაგიყვანო, ავდექი და წამოვედი სახლში, რომ ცოტა დამესვენა და მეფიქრა. თუმცა, არ დამიმთავრებია ამით ცდა“ – განაცხადა სარალიძემ.