ზვიად კუპრავა, რომელსაც სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გუშინ დაუსწრებლად პატიმრობით შეუცვალა, ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის შტაბშია მას შემდეგ, რაც პოლიციაში გამოკითხვაზე არ მივიდა, საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და პარლამენტს მიმართავს, გაეცნონ სისხლის სამართლის 2 საქმეს, რომლებიც კუპრავას თქმით, შეთითხნილია იმისთვის, რომ მისი დევნის ბერკეტად გამოიყენონ
ზვიად კუპრავა 2 საქმეზეა ბრალდებული. მას წინასწარი პატიმრობა ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო შეუფარდეს. სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელის წინააღმდეგ საქმე აღიძრა სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებითაც. ეს საქმე საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინცინდენტს უკავშირდება, როცა კუპრავა შვილმოკლულ ზაზა სარალიძესთან ერთად შესვენებაზე სასადილოში შევიდა, თუმცა როგორც თავად ამბობს, მას ჭამა არ აცალეს და სასადილოდან სხდომათა დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს, რის გამოც პოლიციასთან დაპირისპირება მოუხდა.