ზვიად კუპრავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ელენე გოგუაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. გადაწყვეტილების გამოცხადებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.
შეგახსენებთ, კუპრავა სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.ამისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, იმ მიზნით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა და უზრუნველყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში/სასამართლოში მისი გამოცხადება.
გამოძიების ინფორმაციით, გირაოთი გათავისუფლებულმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას.
გირაოს პირობების დარღვევის – ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების – გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა პატიმრობით.