ზვიად კუპრავას საქმეზე, სადაც გადაწყვეტილება უნდა გამოცხადებულიყო, სასამართლოში პროკურორი არ გამოცხადდა.
როგორც პროკურორის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებიდან გახდა ცნობილი, ის სხდომაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა.
დაცვის მხარემ კუპრავასთვის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების, ან პარლამენტის წევრების თავდებობით გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.
„ვფიქრობ, ჩემი პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება. ეს შემიძლია ვთქვა, იმ სიურპრიზის შემდეგ, რაც აქ დამხვდა”, -განაცხადა კუპრავამ.
გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). ამისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, იმ მიზნით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა და უზრუნველყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში/სასამართლოში მისი გამოცხადება.
ასევე გამოძიების ინფორმაციით, სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას.